THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

გენდერული თანასწორობა 2020 წელს

პროგრესი და გამოწვევები

2020 წელს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პეკინის დეკლარაცია იქნა მიღებული. ამ 25 წლის მანძილზე ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვხვდება, თუმცა როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პუმზილე მლამბო ნჯგუკამ აღნიშნა, პროგრესის მიუხედავად, ჯერ არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისთვის.

დღეს განათლებას ყველაზე მეტი გოგო იღებს, ვიდრე ადრე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში გენდერული სხვაობა განათლების კუთხით გაცილებით დიდია და შორს არის სასურველისგან. დედათა სიკვდილიანობაც 38%-ით შემცირდა 2000 წლიდან დაწყებული დღემდე. თუმცა კიდევ ბევრია სამუშაო, მაგალითად, ქალების შრომითი ანაზღაურება დღეს 16%-ით ნაკლებია კაცების ანაზღაურებასთან შედარებით და მენეჯერულ პოზიციაზე ყოველ 4 კაცზე 1 ქალი მოდის.

რაც შეეხება პროგრესს, მაინც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ღირშესანიშნავი ციფრი: გასული 25 წლის განმავლობაში 131 ქვეყანაში ჯამში 274 სამართლებრივი რეფორმა განხორციელდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

#გულგრილობისვირუსიკლავს

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოში დიდ გამოწვევად რჩება, მათ შორის საქართველოშიც,  სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ევროკავშირმა წამოიწყო კამპანია #გულგრილობისვირუსიკლავს. რას ემსახურება ეს კამპანია და როგორ შეცვლის საქართველოს 2021 წელს?

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ[1] აჩვენა, რომ მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. სწორედ ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით წამოიწყო ახალი ონლაინკამპანია, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შეცვლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.

ონლაინკამპანიის ფარგლებში #გულგრილობისვირუსიკლავს, ცნობილმა ქართველმა მწერლებმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ და ლაშა ბუღაძემ შექმნეს 6 აუდიოპიესა, რომელშიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა სცენები და სიტუაციებია ასახული. სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია იმ რეალობასთან, რათა ზუსტად გადასცეს მსმენელს ის, თუ რას შეიძლება გრძნობდეს ძალადობის მსხვერპლი. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს თანაგრძნობა ძალადობის მსხვერპლისადმი და არ მოაკიდოს ოჯახში ძალადობას გულგრილობით.

 

გულგრილობის ვირუსი კლავს - მონოლოგი - 1

რეტროსპექცია: დასრულების 7 მცდელობა - მონოლოგი 2

გულგრილობის ვირუსი კლავს - მონოლოგი - 3

გულგრილობის ვირუსი კლავს

"ისეთი კარგი ბიჭი იყო"

დისტანცია

კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

ზოგადად ყველანი ვთანხმდებით, რომ კერძო სექტორს დიდი როლის შესრულება შეუძლია გენდერული ძალადობის დაძლევაში. კომპანიები სულ უფრო მეტად ხვდებიან, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თანასწორი სამუშაო გარემოს არსებობას და ცდილობენ დასაქმებულების უსაფრთხოების, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის დაცვაში წვლილი შეიტანონ.

ყოველწლიურად კერძო სექტორი მონაწილეობას იღებს ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში. წელს ამ მოძრაობას საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიებიც შეუერთდნენ. 30-ზე მეტმა კომპანიამ 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, თავიანთი სოციალური ქსელების ოფიციალური ანგარიშები გაანარინჯისფრა. სოციალური ქსელში განსათავსებელი მასალების დამზადებაზე კომპანიებმა იზრუნეს, კომპანია „ჯეპრამ“ ფეისბუქის ჩარჩო და ზუმის ფილტრი დაამზადა და სხვა კომპანიებს გაუზიარა.

სასტუმრო „ბილტმორმა“ შენობაზე განთავსებულ ეკრანს ნარინჯისფერი ბანერი მოარგო და ა.შ. კომპანიებმა კამპანიის მხარდასაჭერად სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ხაზი გაუსვეს თავიანთ როლს ძალადობის აღმოფხვრის საკითხში, როგორც ორგანიზაციაში, ისე მის გარეთ და მოუწოდეს სხვა კომპანიებს ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებისკენ. კომპანიები მთელი 16 დღის მანძილზე აზიარებდნენ სხვადასხვა ინფორმაციას გენდერული ძალადობის შესახებ საკუთარი საკომუნიკაციო არხებით.

პანდემიის შედეგები გენდერულ თანასწორობაზე

2020 წლის ივნისში საქართველოში ჩატარდა Covid-19-ის შედეგად გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ Covid-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი უფრო გააღრმავა.

პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობაზე – საარსებო საშუალებებზე, სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებებსა და პირად უსაფრთხოებაზე. პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. თუმცა იზოლაციამ არათანაბარი გავლენა იქონია გოგოებსა და ქალებზე, განსაკუთრებით კი – მათზე, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ.

მაგალითად, პანდემიამ გაამძაფრა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობები, რაც პანდემიის დაწყებამდე არსებობდა. Covid-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მძიმე შედეგები გამოიწვია.

ზოგადად, პანდემიამდეც ქალები საქართველოში კაცებთან შედარებით 24%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, უფრო ნაკლებ დროს უთმობდნენ ანაზღაურებად სამუშაოს და უფრო მეტი ქალი იყო უმუშევარი ვიდრე – კაცი. როგორც ჩანს, პანდემია დასაქმების კიდევ უფრო ნაკლებ შესაძლებლობებს მოიტანს ქალებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტურიზმის სექტორში, რომლებიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა.

ამასთან, მართალია, ქვეყნის მასშტაბით, არაფორმალურ ეკონომიკაში ქალები და კაცები თანაბრად არიან დასაქმებულნი, მაგრამ დედაქალაქის გარეთ, რეგიონებში და განსაკუთრებით სოფელში მცხოვრებ ქალებს უფრო ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ფორმალურ სამუშაოზე და ხელშეკრულებაზე, რაც მათ შემცირებული სამუშაო საათების, ექსპლუატაციისა და სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, ერთი შეხედვით, სახლი ყველასთვის ყველაზე უსაფრთხო და დაცული ადგილია, თუმცა ბევრი ქალისთვის თუ გოგოსთვის ოჯახში ძალადობის საფრთხე პანდემიისას გამძაფრდა, როცა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და იზოლაციის გამო, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ოჯახები სახლში ჩაიკეტნენ. შესაბამისად, მსოფლიო მასშტაბით, იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვი გაიზარდა.

ქალების აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი

საქართველოში ქალები ისედაც მნიშვნელოვნად მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომას (45%), ვიდრე კაცები(15%), ხოლო პანდემიამ საოჯახო საქმეების განაწილებისას არსებული გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა. სკოლებისა და ბაღების დახურვის გამო, ქალების აუნაზღაურებელი შრომნის ტვირთი გაიზარდა. ასევე, ქალებს უფრო მეტად უწევთ მოხუცებისა და კორონავირუსით დაავადებული ოჯახის წევრების შინ მოვლაც.

განსაკუთრებით რთულია იმ ქალების ტვირთი, ვისაც სახლიდან უწევს მუშაობა. ასეთ შემთხვევაში დიდი როლი აკისრია დამსაქმებელ კომპანიას, რომელმაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი უნდა შესთავაზოს დასაქმებულებს, როგორც ქალებს, ისე კაცებს, და ხელი შეუწყოს მათ გადაინაწილონ საოჯახო საქმეები და ზრუნვა. ასევე, კომპანიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა გადაამზადონ თანამშრომლები გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებში, დაატრენინგონ ისინი, რათა მარტივად შეძლონ ქალთა მიმართ ძალადობის ნიშნების გამოვლენა, გააცნონ ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში არსებული სამართლებრივი მექანიზმები, სერვისები და მომსახურებები.

მასალა მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან კონსულტაციის შედეგად

Rotate the screen