THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

კაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორს უზარმაზარი გამოწვევა შეუქმნა covid-19-ის პანდემიამ. ჩვენთან, რეალურად, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერში, ანუ მეორე ტალღის დროს იყო.

პირველი ტალღის შეკავება მეტნაკლებად მოვახერხეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მეშვეობით და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შესაბამისად ზაფხულის განმავლობაში გვქონდა ძირითადად იმპორტირებული შემთხვევები და შედარებით მცირე რაოდენობა ინფიცირებულების.

შიდა გადაცემა პრაქტიკულად მინიმალური იყო და ამის ხარჯზე, ჩვენ დრო მოვიგეთ და გარკვეულწილად სექტორიც მოემზადა. ოქტომბერში და განსაკუთრებით ნოემბერში კი მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ.

მიუხედავად ქაოსური დასაწყისისა, როდესაც იყო შემთხვევები, როცა სასწრაფო ვერ უმკლავდებოდა უამრავ გამოძაზებას, აგვიანებდნენ, იყო ჰოსპიტალიზაციის, აპარატების პრობლემები, გარკვეული პერიოდის შემდეგ სისტემამ მაინც მოახერხა ადაპტირება.
— კაკი ზოიძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ 5-6 ათას საშუალო სიმძიმის ავადმყოფს გაზაფხულზე ვერ გაუძლებდა სისტემა, ნოემბერ-დეკემბერში ამ რაოდენობის ჰოსპიტალიზაციას და ავადმყოფებს გაუძლო. ისევე, როგორც, პირველად ჯანდაცვის ქსელი გადაეწყო, სისტემას კლინიკური სასტუმროების არსებობაც დაეხმარა.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სექტორმა მეტნაკლებად გაუძლო.
— კაკი ზოიძე

ჭარბი საწოლები, როგორც არაეფექტიანობის მაჩვენებელი

მეორე საყურადღებო ტენდენცია – ის, რაც შეიძლებოდა ადრე განგვეხილა უარყოფითად ამ სექტორში – არის ჭარბი საწოლები, როგორც არაეფექტიანობის მაჩვენებელი. საყოველთაო ჯანდაცვამ და ჯანდაცვის დაფინანსების პრივატიზაციამ მოიზიდა დამატებითი კაპიტალი კერძო სექტორში, (რომ დავითვალოთ, სადღაც 400 მილიონი ლარი ბოლო 7 წლის განმავლობაში) რომელმაც შექმნა დამატებითი ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და რეალურად იმაზე მეტი საწოლი, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდებობდა. წლის განმავლობაში, დაახლოებით ნახევარი იყო მათგან დაკავებული, რაც არაეფექტიანია და სისტემაში არასაჭირო ხარჯების შექმნას უწყობს ხელს, ეს კი, თავის მხრივ, პაციენტზე მიმართული თანხების შემცირებას გამოიწვევს.

ის, რაც იყო არაეფექტიანი და მოითხოვდა ოპტიმიზაციას, პანდემიის სიტუაციაში აღმოჩნდა დადებითი,  ვინაიდან არ დაგვჭირდა არც დამატებითი საწოლები და არც საველე ჰოსპიტლები. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო, მათ შორის ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციული საწოლების რაოდენობით, ასევე ექიმების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. (ეს ყველაფერი 100 000 მოსახლეზე გადათვლით). აღმოჩნდა, რომ გვაქვს გერმანიაზე, აშშ-ზე და იტალიაზე მეტი საწოლები და დიაგნოსტიკური საშუალებები, მათ შორის ვენტილატორები. შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიური ასპექტი გადაიქცა პანდემიური მზადყოფნის პოზიტიურ აპექტად. ეპიდემიოლოგიურმა ფრონტმა გაუძლო და ამან მოგვაგებინა დრო, შემდგომ უკვე ეკოსისტემამაც გაუძლო.

დისტანციური კონსულტაციები

გამოვყოფდი ასევე მესამე ტენდენციას, რომელიც მკვიდრდებოდა მთელს მსოფლიოში – ეს არის პაციენტის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში ანუ სახლის პირობებში მომსახურება – დისტანციური კონსულტაციები, ციფრული  ჯანდაცვა – ეს ტენდენციები დააჩქარა კოვიდის იზოლირებამ, ლოქდაუნებმა და ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობამ. ადამიანები ერიდებოდნენ საავადმყოფოებში მისვლას, ვინაიდან კლინიკებში არსებული რიგებიდან ხდებოდა ვირუსის გადადება. ფიზიკური დისტანცირების და ზომების მიღების აუცილებლობამ გამოიწვია დიგიტალური, ელექტრონული ჯანდაცვის განვითარება და სტიმული მისცა უკვე არსებულ ტენდენციებს.

მომავალში გარკვეული კონსულტაციები შესაძლოა ციფრულად წარიმართოს. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირის პროექტით შემოაქვთ აღჭურვილობა 200 სოფლის ამბულატორიისთვის  – დიგიტალური ფონენდოსკოპი, წნევის გაზომვის და ასეთი ტიპის საშულებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ბევრი დაავადების მართვა სატელეფონო და ვიდეო ზარის მეშვეობით შესაბამისი ციფრული მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც დისტანციურად შეძლებენ მონაცემების შეკრებას პაციენტზე, გადაცემას და შემდეგ უკვე დიაგნოზის დასმას.

ეს ტენდენცია ისედაც იყო, ხოლო კოვიდმა დააჩქარა აღნიშნული პროცესი, მათ შორის საქართველოშიც. სოფლის ყველა ამბულატორიას ექნება ინტერნეტთან წვდომა და ეს იქნება მკვეთრი ხარისხობრივი, ფაქტობრივად, რევოლუციური ცვლილება ჯანდაცვაში.
— კაკი ზოიძე

ვალების დაფარვის პრიორიტიზაცია

გამოვყოფ კიდევ ერთ ტენდენციას – კოვიდმა ბევრ უარყოფითთან ერთად, დადებითი რაც სექტორს მოუტანა იყო ის, რომ მეტნაკლებად მოხდა ვალების დაფარვის პრიორიტიზაცია, რათა სექტორი ყოფილიყო ფინანსურად მდგრადი. სახელმწიფოს ჰქონდა 5-6 თვიანი დავალიანება  გარკვეული დიდი დაწესებულებების მიმართ და ჩამოვიდა 3 თვემდე, რამაც გააუმჯობესა სექტორის ფინანსური მდგრადობა, მაგრამ, მეორე მხრივ, გეგმიური ოპერაციების და რუტინული ჩარევების შემცირების გამო, შემოსავალიც დააკლდა.

წინააღმდეგობრივი ტენდენციებით იყო ეს წელი დამახასიათებელი.
— კაკი ზოიძე

ნაადრევი ეიფორიულ-გამარჯვებულის განწყობა

რამდენად ეფექტური იყო მთავრობა და თანმიმდევრული გამოწვევების გამკლავებაში, ამ გადმოსახედიდან თქვენ როგორ შეაფასებთ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს? იყო თუ არა სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რა შეცდომები დაუშვეს ამ მიმართულებით?

იმისათვის, რომ იმედი და ნდობა ყოფილიყო საზოგადოებაში, პირველ რიგში, უნდა ყოფილიყო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი მზადყოფნა ჰქონდა სექტორს. მეორე ტალღის დროს კი ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა სასწრაფო არ გვპასუხობს და ა.შ. პასუხი უნდა ყოფილიყო, რომ ეს დროებითია, მოგვარდება. ასეთი დამარწმუნებელი და დამაიმედებელი კომუნიკაცია დაგვაკლდა.

შემდეგ იყოს, ის რომ ყველა მოვდუნდით, ჩავთვალეთ, რომ გავიმარჯვეთ კოვიდზე. რეალურად კი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო მოსახლეობასთან რეგულაციების დაცვის მოწოდებისკენ  – ამაში, ჩემი აზრით, ჩავარდნა იყო. აბსოლუტურად ეიფორიულ-გამარჯვებულის განწყობა ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად გაგვეფრთხილებინა საზოგადოება, რომ კოვიდზე გამარჯვება ცალკე აღებულ ქვეყანაში არ ხდება და ოაზისი ვერ ვიქნებოდით ჩვენ და როგორც კი დავიწყებდით იგნორირებას, მაშინვე შესაბამისს ფასს გადავიხდიდით. სამწუხაროდ, ეს ფასიც გადავიხადეთ , მათ შორის, არჩევნების და იმ პოლიტიკური პროცესების გამოც, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა.

უნდა მომხდარიყო მუდმივად კომუნიკაცია იმის შესახებ, რომ არ მოდუნებულიყო საზოგადოება, გაეგრძელებინა რეგულაციების დაცვა – ეს იყო ერთადერთი თავის დაცვის საშუალება, რომ არ ჩამოქცეულიყო ჯანდაცვის სისტემა და არ მომხდარიყო ინფიცირებულთა ელვისებური მატება, როგორიც გვქონდა ზამთარში.

ვაქცინაციის პროცესი

ჯერ გარდამავალი პერიოდია, ვინაიდან მთელი ეს წელი კვლავ პანდემიური პრობლემების ქვეშ ვიქნებით. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვაქცინაციამ შეძლოს და აწიოს სისტემა. ამისათვის შესაძლებლობების გაოთხმაგება გახდება საჭირო თუ მართლა გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეების 60-70% ავცრათ. სისტემას დასჭირდება შესაძლებლობების იმუნიზაციის გაოთხმაგება და ეს ასეთი მარტივი არ არის. შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორს სჭირდება სრული მობილიზაცია.

კომუნიკაციური კუთხით არის ორი უდიდესი გამოწვევაა, რაც ეხება ვაქცინაციას. ერთი ის, რომ დეკემბრის ბოლო კვლევების თანახმად 41% ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. 41% ამბობს რომ გაიკეთებს, ხოლო 17 % ამბობდა, რომ ჯერ არ იცის როგორ მოიქცევა. ნდობა და მოთხოვნა ვაქცინაზე გასაზრდელია. მეორე მხარეა ის, რომ მაისამდე, ივნისამდე მასობრივი ვაქცინაციისთვის, იმ ჯგუფებისთვის, ვისაც უნდა რომ აიცრას – ვაქცინა არ იქნება. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნდობა შევინარჩუნოთ ამ პროცესის მიმართ. შეეცდებიან, რომ რიგს გადაახტნენ. ეს რომ არ მოხდეს აუცილებელია, რომ არ დაიკარგოს პროცესის სამართლიანობისადმი ნდობა, რომ ჯერ რისკის ჯგუფები უნდა აიცრას და შემდეგ აიცრან ახალგაზრდა, ნაკლები რისკის მქონე ადამიანები. ეს თანმიმდევრობა არ უნდა დაირღვეს.

მოლოდინების მართვა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მოთხოვნის გენერაცია და გაძლიერება იმ ჯგუფებში, რომელსაც პირველ რიგში ეკუთვნის ვაქცინაცია – ერთდროულად დასაძლევი და მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად ჯანდაცვის სექტორისთვის.

მაკა ასათიანი

როშ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი

2020  წლის პირველი ორი თვე  ჩვეული შემართებით, ამბიციურ გეგმებზე მუშაობით დავიწყეთ, თუმცა თებერვლის ბოლოს ჩვენი რეალობა კოვიდის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა. ცვლილებები ჩვენთვის სიახლე არ არის, ბოლო რამდენიმე წელია კომპანია ტრანსფორმაციის პროცესშია და ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება ჩვენთვის ჩვეულ მიდგომად იქცა. მიუხედავად ამისა, ის რაც კოვიდის პანდემიამ მოიტანა – მხოლოდ ფანტასტიკის სფეროდან გვეგონა.

მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიური შეხება გვაქვს სამედიცინო პერსონალთან და პაციენტებთან. ვზრუნავთ, რომ პაციენტებისთვის  საჭირო მკურნალობა ხელმისაწვდომი გავხადოთ.  განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე და ონკოლოგიური პაციენტების. ეს პაციენტები ვერ დაელოდებიან პანდემიის გადავლას, მათ ახლა სჭირდებათ მკურნალობა, რომ მათი სიცოცხლე  საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

ახალმა რეალობამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა პაციენტის საჭიროებები.
— მაკა ასათიანი

რეალობის ნათლად დანახვა და აღქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად, დღეს ჩვენ ახალი მოცემულობა გვაქვს, რომელსაც ყველა ჩვენი აქტივობა უნდა მოვარგოთ. ამ ცვლილებებში შესაძლებლობები უნდა დავინახოთ და სიახლეები უფრო სწრაფი ტემპით დავნერგოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენი საქმიანობაც ამის მიხედვით შევცვალოთ.

პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ მსოფლიო არ იყო მზად ასეთი გამოწვევისთვის. ეს ეხება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებს. ამიტომ მთავარია 2020-ში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და თუნდაც შეცდომები გამოვიყენოთ სამომავლოდ მსგავსი სიტუაციების მართვისთვის.
— მაკა ასათიანი

2021 წლის ძირითადი გამოწვევა არის  ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება. პანდემიის გამო გაზრდილია უმუშევრობა, გაუარესებულია სოციალური ფონი, გაზრდილია დანახარჯები ჯანდაცვაზე, გაზრდილია სამომხმარებლო ფასები, ლარი გაუფასურებულია…. და კიდევ ბევრი სხვა.

ჩემი მოლოდინია, რომ 2021 იყოს სტაბილიზაციის წელი. 2020-ში შეძენილი გამოცდილებით უნდა შეიცვალოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ქვეყანამ უნდა დასძლიოს ეკონომიკური სიძნელეები და ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე.
— მაკა ასათიანი
Rotate the screen