THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

პოსტკოვიდური საქართველო

კახა მაღრაძე, ჯეპრას უფროსი პარტნიორი

უკვე აღარავის გვიკვირს ის, ერთი შეხედვით, სიურეალიუსტური სიუჟეტი, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რაც ყველასთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. უკვე აღარავის გვიკვირს პირბადიანი ხალხი ქუჩაში, საყოველთაო სიჩუმე 21:00 საათის მერე და ღვთაებრივი თუ ასტრაზენეკასეული ვაქცინების ლოდინი ცაში ატყორცნილი თვალებით. კინოდ გადაიქცა ჩვენი ცხოვრება და კინოს ყურება უინტერესო გახდა და შეუძლებელიც, პრინციპში. ჩემი შვილებიც და დედაჩემიც, მაგალითად, უკვე 1 წელია ქალაქგარეთ არიან გახიზნულები და თქვენ წარმოიდგინეთ, ამასაც შევეჩვიეთ. მეტიც, ავტობუსის მოძრაობის ზოლზე (ასეთი გრძელი სახელი გოგა ჩანადირის ხათრით დავწერე) სიარულიც ვისწავლეთ და როცა რეგულაცია მოიხსნა, დავივიწყეთ კიდეც. ერთი სიტყვით, სხვანაირი გახდა სამყარო და ჩვენც გავსხვანაირდით.

ძალიან მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოც და ჩვენი ქვეყანაც პანდემიის მერე უფრო გამოცდილი, ჭკუანასწავლი და ძლიერი გამოვა-მეთქი, მაგრამ ან ოპტიმისტი არ ვარ, ან გამოცდილების მიღების და შეცდომებზე სწავლის არაფერი ეტყობა გარემოს. ანუ, ის ცვლილება, რასაც მე პირადად ასე ველოდები და ტრანსფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, ჯერ არ დაწყებულა.
— კახა მაღრაძე

ტკივილები

შეიძლება ვცდები და ჩემი დაკვირვება არასწორია, რადგან მხოლოდ სოციალური ქსელების, მედიის ზედაპირული შეფასებით და სხვადასხვა აირაი-ენდიაისებური კვლევის შედეგებით ვსარგებლობ. თუ ვცდები, შემისწორეთ და მაშინ სხვანაირად დავფიქრდები ამ საკითხზე. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმთავრესი პრობლემა ჩვენი არაადეკვატურობა და ზედაპირიზმია (ამ სიტყვაზე უნდა ველაპარაკო გოგას, რომ დავამკვიდროთ ქართულ ენაში). ჰოდა, პანდემიამ მგონი უფრო გაამძაფრა ეს ორი ტკივილი ჩვენი ერისა (ეს ძველქართული სტილიც მოუხდა ამ წინადადებას, მგონი). კოვიდრეგულაციების, ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებულმა საკითხებმა კარგად აჩვენა, რომ საკმაოდ ალოგიკური და რაღაცნაირი მეწვრილმანე პატარა ტიპები ვართ და ჩვენი უცოდინრობისა და გადაჭარბებული ამბიციების გამო, ვეხეთქებით აქეთ-იქით არგუმენტებს, პოზიციებს, ადამიანებსა და ამბებს. საბოლოო ჯამში კი, ვრჩებით ისეთივე გაუნათლებლები და შინაგანად მაგარი „უბედურებიც“, მაგრამ დღეში ერთხელ ვაცხობთ ჭკვიანურ პოსტებს და განვიკითხავთ, განვიკითხავთ, განვიკითხავთ. ამას ემატება ისტერიკული მედია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური სპექტრი, დამფრთხალი ბიზნესი, შანტაჟისტი სამოქალაქო აქტივისტები და ვართ კარგ ამბავში.

ახლა კი დაპირებული ოპტიმიზმიც: ნუ ნერვიულობთ, კოვიდი რომ დასრულდება, ყველაფერი კარგად იქნება, ან არ იქნება.

პ.ს. მე ის ვიცი, რომ უამრავ შეხვედრას, ინტერვიუს და პროცედურას ონლაინ ფორმატში გადავიტან და საკმაოდ შევიმსუბუქებ და ავასწრაფებ ჩემს საქმეს. დანარჩენი კი თქვენ იკითხეთ ;)
— კახა მაღრაძე

შეცვლილი საქართველო, კარლსონი სახურავზე, აინშტაინი ვერანდაზე

სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას დამფუძნებელი

პანდემიის პირველი ტალღა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და არა ეკონომიკაზე გავლენით, გაცილებით ნაკლებ საზიანო აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვიდრე შემოდგომის პერიოდი და პანდემიის მზაკვრულ ძალასთან პირსახით შეჯახება.

მიუხედავად ამისა, დაბნეულობა და შიშიც, განსაკუთრებით კი გაურკვევლობა პირველ ტალღას უფრო ახასიათებდა. მაშინ სრული დახურვისა და კარჩაკეტილობის ეტაპზე, მეტი დროც გამიჩნდა ახალი საქმეების წამოსაწყებად და უბრალოდ დაფიქრებისთვის, წარსული-აწმყო-მომავლის ხელახალი გააზრებისთვის და გადადებული საქმეების დასრულებისთვის.

ახლა, როცა ორი მძიმე პიკი გავიარეთ და განუსაზღვრელობის მესამე ფაზაში შევდივართ, კიდევ უფრო მეტი ეჭვი მიპყრობს, რომ არამარტო ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში შორსმჭვრეტელ ადამიანებს არ აფასებენ და მათი სწორი პროგნოზების არ სჯერათ.
— სოსო გალუმაშვილი

ფიქრის პროცესი - მოსმენა

ამ ჩამონათვალიდან ყველაზე მეტი დრო, გადადებულ-მონიშნულის – წასაკითხისა და სანახავის კომპონენტს დავუთმე. განსაკუთრებული პერიოდი თანამედროვეობის წამყვანი მოაზროვნეების ინტერვიუებისა და საჯარო ლექციების ყურებასა და სმენას. ჯეკ მა, ნასიმ ტალები, კლეიტონ კრისტენსენი, ჯეფ ბეზოსი, ტონი ულვიკი, ელონ მასკი იუთუბის არხებზე ცვლიდნენ ერთმანეთს და წინასწარმეტყველური დაძახილებით რეტროსპექტივაში მოგვასწავებდნენ კრიზისული ტრიადის გამოჩენას – ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსურ და ერთდროულ გაჩერებას.

 

აი, მაგალითად, ნასიმ ტალები თავისი ბესტსელერის „შავი გედის“ პრინციპების განხილვის დროს ერთ-ერთ საჯარო ინტერვიუში პირდაპირ მიანიშნებს, რომ მსოფლიო მზად არ არის და ამიტომ ვირუსული კრიზისი აქამდე ჯერარნახულ მასშტაბურ პრობლემებს გამოიწვევს. იმ დროს, ანუ რამდენიმე წლის წინ, არც ნასიმმა იცოდა ახალი კორონავირუსის თაობაზე, მაგრამ კარგად აფასებდა ებოლას დამანგრეველ ძალას და ეპიდსიტუაციის მასშტაბებს იმ პერიოდში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბეწვის ხიდზე გაიარა და მხოლოდ განსაკუთრებული ძალისხმევით შეძლო მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება.

მაშინ ყველას გაგვიმართლა, ოღონდ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ და რა ხერხებით.
— სოსო გალუმაშვილი

შიშები

სამაგიეროდ კარგად ვიცით, რომ კორონა პანდემიის დროს, მილიონობით ადამიანს მსოფლიოში და ათასობით ადამიანს საქართველოში არ გაუმართლა: სამწუხაროდ, მსხვერპლიც ბევრია და გამოჯანმრთელების რთულ და ხანგრძლივ, შეუსწავლელ-გაურკვეველ გზაზე შემდგარი ადამიანების რაოდენობაც.

მოაზროვნების არმოსმენის პარალელურად, ჯერარგაგონილ მასშტაბებს მიაღწია პოპულიზმმა – სახალხო მჩხიბავების, თვითაღიარებული მორალისტების, თვითნასწავლი დასტაქრებისა და თვითეკოლოგების, დაჟინებული მზერით პროგნოზისტების, იადიგარ დაუდის მე-9 კარის მე-4 თავის მე-2 პწკარის მიმდევრებმა სრულიად სოციალური ქსელი დაიპყრეს და დაიმონეს.

ნამდვილი ცვლილებები

ვიცი, რომ საქართველო შეიცვალა. ვიცი, რომ მეც შევიცვალე. სულ მეფიქრება, ამ ცვლილებების პერიოდში, ვიპოვეთ თუ არა რაიმე საერთო წერტილი, საერთო თვალთახედვა, საერთო გადმოსახედი მაინც? აი, თუნდაც ისეთი, მე რომ არხილოსკალოში ვიპოვე. თუმცა, ისიც საკითხავია – უნდა გვეპოვა? ეს იქნებოდა ცვლილება? ან რატომ უნდა გვეპოვა ყველას ასეთი რაიმე საერთო? ცალკეულმა ჯგუფებმა – ზოგმა დიდმა, ზოგმა მცირემ ხომ იპოვა ასეთი შეხების წერტილები და საერთო გამოცდილების რუკაც ჩამოაყალიბა. ეს საკმარისი არ იყო ცვლილებების შესამჩნევად?

ამას ხომ ადრეც ვერ ვამჩნევდით და ვერც ვაფასებდით - ჩვენი ყურადღება სხვა უფრო მიწიერი პრობლემებით იყო შევსებული.
— სოსო გალუმაშვილი

ვერც ტალიბს ვამჩნევდით შავი გედით, ვერც კარლსონს სახურავზე და ვერც ვერანდაზე აინშტაინს. არადა სწორედ ამ უკანასკნელმა, თან თავის ვერანდაზე რამდენიმე ათეული წლის წინ დღევანდელობისთვის შესაბამისი, ზუსტი და მკაფიო არჩევანი შემოგვთავაზა.

ეს ისტორია სამეცნიერო ჟურნალის ახალგაზრდა ჟურნალისტს გადახდა თავს, როდესაც დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, აინშტაინი ინტერვიუზე დაითანხმა და სახლში ესტუმრა. ფარდობითობის თეორიის გენიალური ავტორი ვერანდაზე თავისი საყვარელი საქმით – ღამის ცაზე მოჭედილი ვარსკვლავების ჭვრეტით იყო დაკავებული. აინშტაინს უნდა გაეცა კითხვაზე პასუხი: რა ყველაზე მთავარი კითხვა შეიძლება დასვას მეცნიერმა? ბატონმა ალბერტმა დიდი ხნის ფიქრის მერე უპასუხა. „ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დასვას ნებისმიერმა ადამიანმა, შემდეგია: არის თუ არა სამყარო მეგობრული სფერო? ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს მთელ ჩვენ ცხოვრებას. თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამყარო მეგობრული სფეროა, მაშინ მთელი ცხოვრება ჩვენ ვაშენებთ ხიდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში – ადამიანები მთელ თავის ცხოვრებას კედლების შენებაში გაატარებენ. არჩევანი ჩვენზეა“, – თქვა აინშტაინმა.

ხიდი თუ კედელი?

კოვიდმარათონი- სტარტი ცნობილია. სადაა ფინიში?

ეკატერინე ჟვანია, ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი

შარშან ამ დროს, კოვიდ-19 ძალიან შორეულ პრობლემად მეჩვენებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს შორეული და უცნობი პრობლემა ბოლო პერიოდის საერთო გლობალური გამოწვევა და მსოფლიო პანდემიის მიზეზი გახდებოდა.

მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ დღეს გამოთქმული მოსაზრება და ანალიზი ხვალ ისევ აქტუალური ვეღარ იქნება. ეს არის ახალი ერა, რომელიც ყველამ უნდა გავიაზროთ და ბევრი ვიმუშაოთ ადაპტაციასა თუ ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.

2020 წლის ათვლის წერტილი - მარტი

სწორედ მარტის მერე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ეკონომიკა ამ გაურკვეველ და არაპროგნოზირებად რეალობაში.

საქართველო, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, დადგა უამრავი გამოწვევის წინაშე. ჩაკეტილობა და შეზღუდვები სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ისედაც ახალბედა და სუსტ ეკონომიკას მძიმე წნეხის ქვეშ აქცევს. ის, რაც აქამდე სტაბილური განვითარების პერსპექტივად გვესახებოდა, მაგალითად, ტურიზმი, ჰორეკა სექტორი, რითეილი, ღამის ეკონომიკა და ა.შ. შემოსავლის გარეშე დარჩა. მეტიც, ამ მომენტისთვის, წამგებიან ბიზნესად გადაიქცა.

ბევრი სექტორის წარმომადგენელს მოუწია, სწრაფად აეთვისებინა ახალი უნარები, რათა მინიმალური აქტივობა მაინც შეენარჩუნებინა, ან სრულად გადაელაგებინა ბიზნეს პროცესები.
— ეკატერინე ჟვანია

შეცვლილ ქცევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება

განათლების სექტორშიც, ანალოგიური ვითარებაა. გაციფრულების და დისტანციურად სასწავლო პროცესის მართვის გარდაუვალმა საჭიროებამ, ავად თუ კარგად, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ახალი უნარების ათვისება აიძულა, თანაც ძალიან სწრაფად.

ეს, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი ახალი რეალობის პოზიტიური მხარეა, რომელიც სხვა მიმართულებითაც უნდა გამოვიყენოთ და მომავალშიც მეტი საქმე უფრო მარტივად ვაკეთოთ.  ელექტრონული კომერციის აუცილებლობა გახდა სავაჭრო ურთიერთობების  შენარჩუნების თანამედროვე, სასიცოცხლო ინსტრუმენტი. ეს არ არის ახალი, ნოვატორული მიდგომა. უბრალოდ, ჩვენთან ძალიან ნელა მიმდინარეობდა მისი დანერგვის და პოპულარიზაციის პროცესი. ახლა კი ბიზნესიც და მომხმარებელიც უფრო ნათლად ხედავს ამ თანამედროვე მიდგომის სიკეთესა და პრაქტიკულობას.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიზნესისთვის და, ზოგადად, ალბათ სხვა მრავალი ბიზნესისთვის დადგა ახალი და მეტად მორგებული სერვისების შეთავაზების დრო. კოვიდმა შეცვალა საზოგადოების და ბიზნესის მოთხოვნები სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქტის მიმართ. უფრო მეტს ვფიქრობთ, სანამ რამეს გადავწყვეტთ. იმპულსური გადაწყვეტილებების დრო აღარ არის და, ამიტომაც, შეცვლილ ქცევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება, მარკეტინგული, თუ პიარული მიდგომების კუთხითაც.

ყოველ ახალ დილას უფრო ძლიერები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები ვიღვიძებთ.
— ეკატერინე ჟვანია

მოკრძალებული გეგმები

როგორია თქვენი პოსტკოვიდური გეგმები?

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ახლა მოკლევადიანი, მეტად რეალისტური და მოკრძალებული გეგმების დროა. მე კი ვიტყოდი, რომ სწორედ დიდ და გრანდიოზულ გეგმებს მივყავართ წარმატებამდე. სწორედ ეს დიდი და გრანდიოზული გეგმები გაიძულებს, რომ იმოქმედო უფრო სწრაფად, სხარტად და მეტი ძალისხმევით. ასეთ ვითარებაში მუშაობისას ჩვენ ვავლენთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ახლა კი ის დროა, როდესაც გვიწევს, გამოვავლინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, ავითვისოთ ახალი უნარები და გზა გავიკვლიოთ ამ რთულ პერიოდში. ასეთს ვხედავ პოსტკოვიდურ საქართველოს – ამბიციური და გრანდიოზული გეგმებით.

სად არის ფინიში?

არავინ იცის, სად და როდის არის პანდემიის ფინიში. არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორია, გეგმაც კი, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ გვეტყვის სადაა ფინიში. ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორები უნდა მივიდეთ ფინიშამდე და როგორ გადავკვეთოთ მისი ხაზი.

უფრო შეკრულები, უფრო პასუხისმგებლიანები, მზრუნველები საკუთარი თავის და საზოგადოების მიმართ, გრანდიოზული გეგმებით ხელში და, რა თქმა უნდა, ვაქცინირებულები!
— ეკატერინე ჟვანია
Rotate the screen