THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

გვანცა ზაქარეიშვილი

ეროვნული კინოცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ფილმწარმოება კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს, რაშიც ბევრი პროფესიონალია ჩართული. გასაკვირი არ არის, რომ შეკრებების აკრძალვამ გადასაღები მოედნები დააცარიელა და კინოსექტორი, ისევე როგორც კულტურის სხვა ბევრი სფერო, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ.

საზღვრების ჩაკეტვამ ქვეყანაში უცხოური პროექტების შემოდინება შეწყვიტა, რაც საპროდიუსერო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია. კინოთეატრების დახურვამ კი უკვე დასრულებული ფილმების დისტრიბუციას შეუშალა ხელი. პარალელურად, გართულდა ალტერნატიული დაფინანსების მოძიება უცხოეთიდან. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ქართველმა პროდიუსერებმა ეროვნულ კინოცენტრთან ერთად დაიწყეს გამოსავლის ძიება და რეგულაციებზე მუშაობა. ახლა უკვე არსებობს დოკუმენტი –  ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისა და კინოჩვენებისთვის, რითაც კინომწარმოებლები გადასაღებ მოედანზე ხელმძღვანელობენ. ისინი იცავენ ყველა რეგულაციას, რათა მოუფრთხილდნენ გადამღები ჯგუფის თითოეული წევრის ჯანმრთელობას, თუმცა ამ ყველაფერმა წარმოების ხარჯები საგრძნობლად გააძვირა.

სახელმწიფო ინსტიტუციებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი კინოინდუსტრიას, რათა იგი გადარჩეს. ასევე, კარგი იქნება თუ ტელევიზიები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან წარმოების პროცესში. მნიშვნელოვანია გამართულად მუშაობდეს პროგრამა “გადაიღე საქართველოში”. ბოლო პერიოდში საქართველო სულ უფრო მიმზიდველი გადასაღები ლოკაცია ხდება.

პანდემიის მიუხედავად, გასული წლის შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას Universal Studios ლოკაციის მენეჯერები ესტუმრნენ, რომელთაც არაერთ ჰოლივუდურ ფილმზე უმუშავიათ. ამავე პერიოდში შედგა ნიდერლანდური ფილმის გადაღებები.

უცხოური ფულის შემოსვლა ქვეყანაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კინოინდუსტრიისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.
— გვანცა ზაქარეიშვილი

2021 წლის მოლოდინები და გეგმები

2021 წელს ეროვნული კინოცენტრი იუბილარია, 20 წლის გავხდით და შევეცდებით ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყოს. მიმდინარე წელს ტრადიციულად გამოცხადდება კონკურსები ფილმების წარმოებისა და პროექტების განვითარების დასაფინანსებლად. გაგრძელდება ქართული კინოს პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს სტენდს ამჯერად ონლაინ ფორმატში წარვადგენთ კანისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 2021 წლის საფესტივალო მარათონს გახსნის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება”. იგი სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები.

შემდეგ დაველოდებით ამერიკის კინოაკადემიის “მოკლე სიასა” და ნომინაციებს, სადაც საქართველოს სახელით ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძვის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი”. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანონის და დებულებების რევიზიას, ქართული ფილმების დისტრიბუციისა და კინოთეატრების საკითხებს და კინოფილმების საცავის შექმნას ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით.

კვლავ გაგრძელდება ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების ისტორიული პროცესი რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან”. ასევე, დაიწყება მუშაობა ახალ კინოსაგანმანა­თლებლო პლატფორმაზე, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით ქმნის.

კრიზისი ხშირად ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში გვეხმარება
— გვანცა ზაქარეიშვილი
Rotate the screen