THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

მიხეილ ჭკუასელი

კომპანია გურიელის გენერალური დირექტორი

შესაძლოა 2020 არც ყოფილა ყველაზე რთული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. გვახსოვს ომი, თითქმის სრულად გაჩერებული ეკონომიკა და ჩამქრალი ქვეყანა, მაგრამ მაინც 2020-ს თან ახლავს შეგრძნება იმის, რომ ეს ყველაზე რთული წელია. ალბათ იმიტომ, რომ ცუდი ადვილად გვავიწყდება და ახლა რაც ხდება, ის მიგვაჩნია ყველაზე რთულად. არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც განაპირობებს ასეთ განწყობას , ეს გაურკვევლობაა – რა გველის ხვალ, ზეგ, უახლოეს მომავალში? რა უფრო საშიში იქნება კოვიდი თუ ეკონომიკური სიდუხჭირე?

ვაქცინას თითქოს უნდა მოეხსნა კითხვები, მაგრამ ვაქცინამ კითხვები კიდევ უფრო მეტი წარმოშვა. სკეპტიციზმი ვაქცინის უსაფრთხოებაზე ისეთ ქვეყნებშიც საკმარისზე მეტია, რომლებშიც ეს პრობლემა ადრე არ დამდგარა. ახალი შტამების აღმოჩენამ ეს სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაამძაფრა. ჯერ კიდევ არ ჩანს სამკურნალო პრეპარატი, რომელიც სრულფასოვნად გაუმკლავდება Sars-Cov2-ს. მსოფლიოში არსებულმა ვაქცინის განაწილების სქემამ, ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისმა ხელმიუწვდომლობამ, ვაქცინაციის მინიმალური ზღვრის მიღწევის გადავადებამ 2022-ში, ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში კი 2023-ში, გაურკვევლობა კიდევ უფრო გაამწვავა. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ყველანი უფრო იმედიანად ვართ. მართალია 2019 წლის დონეზე დაბრუნების ვადა 2024 წლამდე გადაიწია, მაგრამ COVID-19-ს პანდემიიდან ენდემურ მწვავე რესპირაციულ დაავადებად გადაქცევის შესახებ პერსპექტივა რეალურად ჩანს, თუმცა გაურკვევლობა და ეჭვები აქაც საკმაოდ დაგვრჩა.

2020-მა გაურკვევლობა მემკვიდრეობით გადასცა 2021-ს. გაურკვევლობასთან ერთად მემკვიდრეობა ციფრებშიც არასახარბიელოდ გამოიყურება.
— მიხეილ ჭკუასელი

დიდი გაურკვევლობა, მაგრამ სინათლე უნდა დაინახო გვირაბის ბოლოს . . .

მთლიანი სამამულო პროდუქტი შემცირდა 6.1%-ით, რაც დაახლოებით 4 მილიარდი ლარია. მინიმუმ კიდევ ერთი მაგდენს, შეიძლება ცოტათი მეტს მიმდინარე წელსაც დავკარგავთ; ბიუჯეტის დეფიციტი 9.4%-მდე გაიზარდა; სახელმწიფო ვალი კანონმდებლობით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს გადასცდა; საგარეო ვაჭრობა 15%-მდე შემცირდა, საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა ბალანსმა 41.1% შეადგინა, ამ მხრივ მისი მცირედით, მაგრამ მაინც 1.8%-ით შემცირება თუ იქნება დამამშვიდებელი გარემოება; უმუშევრობის დონემ 2020 წლის IV კვარტალში 20%-ს გადააჭარბა, რაც 2018 წლის I კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; ინფლაციამ, მიუხედავად იმისა რომ დეკემბერში 2.4%-ს მიაღწია საქსტატის მონაცემებით და შესაბამისად ჩამოსცდა მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს, საშუალო 12 თვის ინფლაცია მაინც მაღალზე დარჩა დ 5.2% შეადგინა; განსაკუთრებით ნიშანდობლივია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რომელიც ბუნებრივია მთელს მსოფლიოში შემცირდა პანდემიის გამო, მაგრამ ჩვენნაირი მცირე და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის 24%-იანი შემცირება (2020 წლის III კვარტალის მონაცემებით) განმსაზღვრელი ცვლილებაა.

ლარიც შეგვიმსუბუქდა და წლის ბოლოს 3.30-იანი ნიშნული დააფიქსირა 1 აშშ დოლართან მიმართებაში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2.85-იანი მაჩვენებლისაგან განსხვავებით, თუმცა შუალედში იყო 3.50-იანი ნიშნულიც და ყველა დიდ სავაჭრო პარტნიორთან შედარებით უფრო მეტად გაუფასურებაც, რაც უდავოდ გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას ერთი შეხედვით, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გაქვს მიწოდება, ხოლო საპირისპირო მიმართულებიდან არსებობს მოთხოვნა. დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის პირობებში კი კურსის ტურბულენტობა ყველაზე ცუდად სწორედ ეკონომიკაზე, მოსახლეობის შესაძლებლობებსა და მოლოდინებზე აისახება.

ყოველივე ეს მკაცრი შეზღუდვების (თავიდან კარგად დავიწყეთ, არც ვჩქარობდით და არც მკაცრად მივდიოდით, მაგრამ შიშს დიდი თვალები აღმოაჩნდა), შემდეგ სწრაფი გახსნის, ზაფხულში საფრთხის სხვადასხვა მიზეზების გამო ბოლომდე შეუფასებლობის და შედეგად ისევ მკაცრი (თუნდაც ე.წ. წერტილოვანი) ჩაკეტვის შედეგია.
— მიხეილ ჭკუასელი

ყველაფრის სახელმწიფოზე „გადაბრალება“ კი უბრალოდ არასწორია, მთელს ამ თანმიმდევრობაში ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და „წვლილი“ შესაბამისია – პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და სოციალური დისტანცია, რთულად დასამახსოვრებელი, დასანერგი და განსახორციელებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით „დაუმორჩილებელთა“ ქცევის ფონზე. თუმცა ნაცარს თავზე ნუ დავიყრით, ამ მიმართულებით არაფრით განსხვავებულად არ მოვქცეულვართ დანარჩენი, თუნდაც ყველაზე განვითარებული ქვეყნებისაგან.

კარგია ის, რომ Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელი დატოვა, რაც ჯამში განვლილ წელს არცთუ მთლად უარყოფითად, უფრო მეტიც – დადებითად აფასებს. ამასთან, უარყოფითი მოლოდინების „მინაწერი“, რომელიც საგარეო წყაროებზე დიდი დამოკიდებულებით აიხსნა, ვერ არის კარგი შუქურა როგორც ინსტიტუციონალური, ისე კერძო ინვესტორებისათვის.

მოკლედ სიტუაცია დრამატული არ არის, მაგრამ დრო გვაქვს დრამატულად ცოტა, აი აქ კი მნიშვნელოვანია სწრაფი, აქტიური, მტკიცე და არც თუ იშვიათად არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ საკუთარი ხელით საკუთარი თავი ამ „ორმოდან“ ამოვიყვანოთ – სირთულეების და პრობლემების შესაძლებლობებად გამოყენების „ლამაზი ისტორია“ მხოლოდ ასეთ (ზე)უნარებზე გადის და არა ციდან ჩამოვარდნილ ან მიწიდან ამოხეთქილ სიმდიდრეებზე.

აი, მოკლედ 2020 წლის ეკონომიკური მემკვიდრეობა - კარგია, რომ ყველაზე ცუდი პროგნოზი არ გამართლდა და ცუდია, რომ ყველაზე ოპტიმისტურს მაინც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით.
— მიხეილ ჭკუასელი

რა გეგმები უნდა გვქონდეს?

როცა ამ წერილს ვწერ, საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრის კენჭს, რომელიც უახლოეს 100 დღეში ქვეყნის განვითარების ახალი გეგმის წარმოდგენას გვპირდება. ამის შემდეგ უფრო დეტალურად შევძლებთ მსჯელობას უახლოესი წლების ან თუნდაც ათწლეულის შესახებ – ძალიან მინდა ეს პროგრამა მინიმუმ 2030 წლამდე პერიოდის ხედვას და სტრატეგიულ მიმართულებებს გამოკვეთდეს. ძალიან გვჭირდება ასეთი რამ. მით უფრო, რომ უახლოესი წლების მიზანი გაცხადებულია – 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება.

ახლა უშუალოდ რას უნდა ველოდოთ 2021 წელს?

ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა პროგნოზი არსებობს 4%-დან 5%-მდე, ყველაფერი კი ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელზეა დამოკიდებული, თუ გვექნება 2019 წლის დონის 30% – ვიტრიალებთ 4%-ის გარშემო, თუ შევძლებთ 40%-ს, +1%-ს შევძლებთ ეკონომიკაში. ძალიან მინდა, რომ ტურიზმი გაიზარდოს, უფრო მეტიც გაორმაგდეს აბსოლუტურ მაჩვენებლებში, მაგრამ არ მინდა, რომ მისი წილი ორნიშნა იყოს ჩვენს მთლიან სამამულო პროდუქტში და ასე ძალიან ვიყოთ დამოკიდებული მასზე. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ტურიზმის განვითარება ეკონომიკის ამ სტრუქტურით იმპორტის ზრდას ნიშნავს, ვინაიდან მისი მოთხოვნილების 60%-დან 80%-მდე იმპორტით ვაკმაყოფილებთ და ეს არც თუ ისე კარგი მაჩვენებელია. ბიუჯეტის დეფიციტის 7.6%-მდე შემცირების და სახელმწიფო ვალის ზღვრულ ნიშნულამდე ჩამოწევის პროგნოზს გვაძლევს ფინანსთა სამინისტრო.

გასაგებია, რომ მეტი და უკეთესი ციფრები გვინდა, შეგვიძლია ვაკრიტიკოთ, არ მივიღოთ და განსხვავებულიც დავასაბუთოთ. მე სხვაგვარად დავსვამდი საკითხს - გაურკვევლობის მოხსნის, ან მინიმუმ ამ გაურკვევლობის ხარისხის შემცირების გარეშე ყველა პროგნოზი, რომელიღაცა (სავარაუდოდ ე.წ. საბაზისო) სცენარის პროექციაა და არა პროგნოზი, მოქმედება კი საჭიროა აქ და ამჟამად სიტუაციის და შექმნილი ვითარების ადეკვატურად, სტრატეგიულად განსაზღვრული ნიშნულების მიხედვით. ამიტომ სხვა ციფრები სხვა დროისთვის გადავდოთ - პროგნოზი ყოველთვის უმადური საქმე იყო, არასრულყოფილი პროგნოზი კი - მით უფრო.
— მიხეილ ჭკუასელი

რა გვჭირდება დღეს გადაუდებლად?

გადაუდებლად გვჭირდება ეკონომიკის გახსნა, მაგრამ პასუხისმგებლობით:

სახელმწიფოს მხრიდან პირობების თანაბრად დაცვით ყველასთვის, პრევენციიას და დაჯარიმების საუკეთესო თანაფარდობით, თუნდაც 80/20-ზე; განჭვრეტით გადაწყვეტილებებში ანუ სიურპრიზების გარეშე, ყველა (თითქმის) არააუცილებელი, არაგადაუდებელი, არასასიცოცხლო რეგულაციის გადავადებით მინიმუმ იმ დრომდე, ვიდრე 2019-ის დონეზე არ დავდგებით.

ბიზნესის მხრიდან დარჩენილი შეზღუდვების სანიმუშო დაცვით, სამუშაო ადგილების შენარჩუნებითა და იმის გააზრებით, რომ ახლა მოგებაზე უფრო მეტად ბიზნესის უწყვეტად ფუნქციონირება უფრო მნიშვნელოვანია, რომ გადავრჩეთ. ეს მდგომარეობა კი თავად წარმოაჩენს სამეწარმეო სულისკვეთების – Entrepreneurial Spirit-ის მქონე ადამიანებს, რომლებიც მოგვცემენ გარღვევის შანსს, მთავარია, მინიმუმ ხელი არ შევუშალოთ და კარგი იქნება, თუ პირობებსაც შევუქმნით.

სამოქალაქო პასუხისმგებლობით თითოეული მოქალაქისაგან, ფართე მცნებაა. შევეცდები მოკლედ ვთქვა თითოეული ჩვენგანის პირადი მიზნების საერთო მიზანთან მისადაგება – არა უარის თქმა, არა დაქვემდებარება, არა მისადაგება! სხვა ჩემს თანამოქალაქეს რამდენად არგებს ჩემი მიზანი და მისკენ გადადგმული ჩემი ნაბიჯი. მინიმუმ პირბადის გარეშე გამოსვლა, რომ ამას ხელს არ შეუწყობს, ეს ვიცით. ახლა ეს ყველამ თავისთვის თარგმნოს მუშამ, მეჩაიემ, პოლიტიკოსმა, პოლიციელმა, მომღერალმა, ექიმმა და მეხანძრემ.

გადაუდებლად გვჭირდება ვაქცინაციის დაწყება! ეს იქნება სხივი გვირაბის ბოლოს და ნუ დავიწყებთ ერთმანეთის დამუნათებას ვინ იცრება და ვინ არ იცრება. არ არის დამუნათების დრო, არც სავალდებულო იქნება, ვერც იქნება – უბრალოდ არ იქნება ამდენი ვაქცინა. მაგრამ ვაქცინაცია აუცილებელია, ამის რეკლამაც აუცილებელია, ამის პირობების შექმნაც აუცილებელია. როგორც კი იქნება დადებითი შედეგი, მაჩვენებელი თავის თავად აიწევს! ნახავთ, რომ აიწევს!

გადაუდებლად გვჭირდება ფული, კაპიტალი, ინვესტიციები. სხვაგვარად გაგვიჭირდება და ყველაფერი ბიუჯეტს დააწვება, ამისათვის კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი უნდა შევძლოთ.

სხვა კიდევ ბევრი „გადაუდებლად გვჭირდება“ შემიძლია ჩამოვწერო, მაგრამ თუ ამ საკითხებზე კონსენსუსს მივაღწევთ, ყველა სხვა საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა არ გაგვიჭირდება, მათ შორის ახლა მიუღწეველი რომ ჩანს, თუნდაც – პოლიტიკაში.

შესაბამისად ჩვენზე დამოკიდებული გაურკვევლობა ნაკლები, იმედი კი უფრო მეტი იქნება.

მშვიდობა, ჯანმრთელობა და მეტი მთლიანი სამამულო პროდუქტი საქართველოს და მსოფლიოს!
— მიხეილ ჭკუასელი
Rotate the screen