28 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაო – ასეთი რეკორდული შედეგით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine and Spirits Judging in Geogia, რომელშიც 150 კომპანიის 420 ღვინო და სპირტიანი სასმელი იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წელს მწარმოებლებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.
საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.
ქართულ საკონკურსო ნიმუშებს რეკორდული რაოდენობის 24 ოქროს მედალი გადაეცათ, მათ შორის, 22 ღვინოს და 2 ბრენდის, ხოლო ვერცხლის მედალი 109 ღვინოსა და 4 სპირტიან სასმელს ერგო. როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, შარშანდელთან შედარებით როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედლების რაოდენობა 36-36%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში ვერცხლის მედლის მფლობელთა მაჩვენებელი, გაორმაგებულია.