გამოფენაზე ნაჩვენები ვიდეო-ფილმი (დანგრეული ხიდების, ქარვასლების და სხვა ნაგებობების რეკონსტრუქციით) და ექსპონირებული ფოტოები საქართველოს არქივებში დაცულ, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ მასალას წარმოადგენს, რომელიც მე-19 საუკუნის თბილისს დაგვანახებს.
შადინოვებისა და ზუბალაშვილების ქარვასლები, სეიდაბადი (ასე უწოდებდნენ მე-17 საუკუნიდან აბანოების უბანს და მის მიმდებარე ტერიტორიას), ხარფუხი, თათრის მოედანი, ვირის ხიდი, მეტეხის ხიდი, ბზის მოედანი - ძველი ფოტოებიდან მომზირალი თბილისი დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ჟურნალისტებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა არა მოცემულ ეტაპზე რომელიმე ტერიტორიის ათვისების კონკრეტულ პროექტს, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას დედაქალაქის ისტორიული უბნების განვითარების პერსპექტივის შესახებ და ქალაქის ისტორიულ ცენტრში მორღვეული ურბანული ქსოვილის სიმკვრივის აღდგენის გზების ძიებას, რასაც წინ უნდა უძღოდეს პროფესიული და ფართო საზოგადოების ინფორმირება. შეხვედრაზე ჟურნალისტებს საკუთარი შენიშვნებისა და შთაბეჭდილებების დაფიქსირების საშუალება მიეცათ.