საკონსულტაციო ჯგუფი ''ჯეპრა'' - ეთიკის კოდექსი

წინამდებარე კოდექსი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს საკონსულტაციო ჯგუფ ჯეპრას საქმიანობის ეთიკურ პრინციპებს.

1. კოდექსის მიღების წესები

1.1. ეთიკის კოდექსი ადასტურებს ჯეპრას მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ნორმების ნებაყოფლობით აღიარებას.

1.2. კოდექსის დაცვა აუცილებელია ჯეპრას ყველა თანამშრომლისათვის და მოწვეული სპეციალისტისათვის.


2. საერთო პროფესიული პრინციპები

2.1. ჯეპრას თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების კეთილდღეობას და არ უნდა ლახავდეს პიროვნების კანონიერ ინტერესებს, პატივს და ღირსებას. პროფესიული ვალდებულებების შესრულებისა და კლიენტთან ურთიერთობის დროს დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები და ზნეობრივი პრინციპები.

2.2. ინფორმაციის გავრცელებისას ჯეპრას პრაქტიკული საქმიანობა უნდა ემყარებოდეს სიზუსტის, უტყუარობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების განუხრელ დაცვას. დაუშვებელია სხვა პირთა საზიანოდ ყალბი ცნობების გავრცელება.


3. კლიენტთან ურთიერთობის ეთიკა

3.1. ძირითადი ვალდებულებები კლიენტის წინაშე

3.1.1. ჯეპრა ყოველთვის აყენებს კლიენტის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა და ემსახურება მათ კეთილსინდისიერად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
3.1.2. ჯეპრას საქმიანობა ემყარება ფაქტების მიუკერძოებელ შეფასებას;
3.1.3. ჯეპრა იცავს კონფიდენციალობის პრინციპს ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კლიენტის საქმიანობას და არ იყენებს მას პირადი ან სხვა მატერიალური ინტერესებისათვის;
3.1.4. დაუშვებელია კლიენტის შესახებ ჯეპრას ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისათვის;
3.1.5. ჯეპრა ახორციელებს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც შეესაბამება მისი თანამშრომლების კვალიფიკაციას და რეალურად მოუტანს კლიენტს სარგებელს;
3.1.6. იმ შემთხვევაში, თუ ჯეპრასთვის ცხადი ხდება, რომ მოცემული სამუშაოს ეფექტურად შესრულება შესაძლებელია ნაკლები დანახარჯებით, ჯეპრა ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ კლიენტს;
3.1.7. ჯეპრა არ ემსახურება კლიენტს იმ შემთხვევაში და იმ გარემოებაში, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მის ობიექტურობაზე, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებაზე. ასეთ შემთხვევაში ჯეპრა იტოვებს უფლებას უარი თქვას შემოთავაზებულ წინადადებაზე;
3.1.8. ჯეპრა არ იღებს დაკვეთას იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში კლიენტს ემსახურება სხვა პიარ-სააგენტო. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც პროექტი ხორციელდება სხვა პიარ სააგენტოსთან ერთად და მისი თანხმობით;
3.1.9. თითოეულ ჩასატარებელ სამუშაოზე ჯეპრა გამოყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ ჯეპრა ჩათვლის, რომ მოწვეული  სპეციალისტი უფრო კარგად შეასრულებს არსებულ დაკვეთას, ჯეპრა ატყობინებს დამკვეთს ამის შესახებ და აღნიშნულ დაკვეთასთან დაკავშირებით ჩართავს მოწვეულ სპეციალისტს თავის საქმიანობაში.

3.2. კლიენტთან შეთანხმების დადება

3.2.1. თითოეული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ამ პროექტის კოორდინატორისა და კლიენტის მიერ წარმოდგენილი პირების მეთვალყურეობით, რომლებიც მონიტორინგს უწევენ პროექტის მსვლელობას.
3.2.2. ჯეპრა ასრულებს თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად, კლიენტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ამისათვის საჭირო გახდება სხვა დამატებითი ქმედებები, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა, ჯეპრა კლიენტის წინაშე დროულად დასვამს საკითხს.
3.2.3. ყოველთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, კლიენტს წერილობით წარედგინება პროგრამა, სადაც აღწერილია წარმოდგენილი სამუშაოს და მომსახურების მიზნები და ამოცანები.
ჯეპრა თვლის, რომ კლიენტს არჩევანის სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ჯეპრა ახდენს პროექტის რეალიზაციის რამდენიმე ვარიანტის შემუშავებას და ყველა მათგანის განხილვა კლიენტთან ხდება.  პროექტის რეალიზება იწყება მაშინ, როცა იგი დეტალურად არის განხილული, შეტანილია ცვლილებები და საბოლოოდ დამტკიცებულია კლიენტის მიერ. სამუშაოს მსვლელობის დროს ამა თუ იმ მიზეზით წარმოქმნილი ყველა ცვლილება მიიღება კლიენტთან შეთანხმებით და მტკიცდება წერილობით, რომელიც პროგრამაში დანართის სახით შედის.
3.2.4. პროგრამის რეალიზაციის შემდეგ კლიენტს წარედგინება წერილობითი და ელექტრონული ანგარიში, რომელშიც აღწერილია პროგრამის მსვლელობა და ასახულია მისი რეალიზაციის ძირითადი შედეგები.

4. «ჯეპრას» შიდა კოდექსი

4.1. ჯეპრას თანამშრომლებისათვის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს პროფესიული კომპეტენტურობა და ეთიკური პრინციპების დაცვა.
4.2. ჯეპრას ყველა თანამშრომელი, ასევე მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე ეთიკის კოდექსს და დაიცვას მისი მოთხოვნები. აღნიშნული პირობა გათვალისწინებული უნდა იქნას თანამშრომელთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში.
4.3. ჯეპრა  გამოთქვამს მზადყოფნას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე სხვა კომპანიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის.
4.4. ჯეპრას თანამშრომელთა მიერ ყველა სახის სამუშაო ხორციელდება დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული ანაზღაურების ფარგლებში, მიუხედავად დამკვეთის მიერ მიღებული მოგების რაოდენობისა.
4.5. ჯეპრას თანამშრომელი, სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციაში გადასვლის ან საკუთარი კომპანიის გახსნის შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას არ გააფორმოს არანაირი საქმიანი კონტრაქტი ჯეპრას რომელიმე მოქმედ დამკვეთთან.
4.6. ახალი კადრებისა თუ მოწვეული კონსულტანტების შერჩევა ხდება მხოლოდ წინასწარი შერჩევისა და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე.
4.7. ჯეპრა არ იღებს სამუშაოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა სააგენტოების თანამშრომლებს, ამ სააგენტოების ხელმძღვანელობის  წინასწარი ინფორმირების გარეშე.
4.8. ჯეპრა არ იღებს სამუშაოდ დამკვეთის თანამშრომლებს, ამის შესახებ დამკვეთის წინასწარი ინფორმირებისა და მისი თანხმობის გარეშე.  

5. კოლეგიალურობის პრინციპები საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში

5.1. საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა კოლეგებთან მიმართებაში უნდა მოერიდოს არასამართლიან კონკურენციას. ჯეპრამ ან მისმა თანამშრომელმა წინასწარი განზრახვით არ უნდა მიაყენოს ზიანი კოლეგის საქმიანობას ან რეპუტაციას.
5.2. ჯეპრამ, ავტორის თანხმობის, გარეშე კომერციული თვალსაზრისით არ უნდა გამოიყენოს ან გაავრცელოს ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომელთა საავტორო უფლებაც სხვას ეკუთვნის.

6. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის პრინციპები

6.1. ჯეპრამ არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შელახავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეპუტაციას.
6.2. ჯეპრას მიერ ახალი ამბის გამოქვეყნება უნდა მოხდეს ყოველგვარი გადასახადის ან ფარული გასამრჯელოს გარეშე.
6.3. სხვა პროფესიების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა სფეროს წარმომადგენლობებთან ურთიერთობისას ჯეპრა პატივს სცემს და იცავს ამ სფეროში მიღებულ წესებსა და პრაქტიკას.

7. ჯეპრას მომსახურების ანაზღაურების წესი

7.1. ჯეპრაში მიღებულია კლიენტთან ურთიერთობის ორი ფორმა - სააბონენტო          მომსახურება და შეკვეთა ერთჯერადი სამუშაოს შესრულებაზე.

7.1.1. სააბონენტო მომსახურება 
სააბონენტო მომსახურება წარმოადგენს პიარ მომსახურების სრულ კრებულს, კომპლექსურ პროგრამას კლიენტის შესახებ სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით და დროული ინფორმაციის მიწოდებას კლიენტისთვის ბაზრის ტენდენციებზე და კონკურენტების საქმიანობაზე.
სააბონენტო მომსახურების შემთხვევაში კლიენტი იღებს განსაზღვრულ მომსახურების ერთობლიობას ფიქსირებული გადასახადით. სააბონენტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად ყოველ დამკვეთთან, გამომდინარე მათ მიერ დასმული ამოცანის სირთულიდან და მოცულობიდან.
სააბონენტო მომსახურება ნიშნავს სიტუაციის მუდმივ კონტროლს კლიენტის გარე კომუნიკაციის სფეროში. ეს კონტროლი ეხება მხოლოდ განსაზღვრულ სფეროს – ურთიერთობას მას-მედიის წარმომადგენლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და მომხმარებლებთან. ამ სიტუაციაში ჯეპრა წარმოადგენს კლიენტის გარე პრეს-სამსახურს.
აბონენტებს გარანტირებული აქვთ სრული კონფიდენციალობა და ხარჯების ანაზღაურება ჯეპრას მხრიდან არადამაკმაყოფილებელი მომსახურების შემთხვევაში. ყოველი კვირის ბოლოს დგება მოკლე ანგარიში, თვის ბოლოს კი დაწვრილებითი ანგარიში ჯეპრას მიერ გაწეულის საქმიანობის შესახებ.

7.1.2. ერთჯერადი დაკვეთის შესრულება
კერძო პროექტზე მუშაობის შემთხვევაში ჯეპრას მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე.


15 ნოე. '18
24 ოქტ. '18
15 ოქტ. '18
08 ოქტ. '18
08 ოქტ. '18

 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge