ირო ცაგარეიშვილი
Fundraiser.ge-ის თანადამფუძნებელი
იქიდან გამომდინარე, რომ ქართული სტარტაპების დიდი ნაწილი არიან სოფტ პროდუქტების შემქმნელი გუნდები, მათთვის ონლაინ და დისტანციურ გარემოსთან შეგუება არც ისე რთული იყო, თუმცა, მათ, თავის მხრივ, სხვაგვარი პრობლემების წინაშე მოუწიათ დადგომა.
ბუნებრივია, პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე, თუმცა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად გაუარესდა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, აისახა ეროვნულ ვალუტაზე და ამის შედეგად, ქვეყანაში სტარტაპებში ინვესტირების პროგნოზირებული მაჩვენებელი შემცირდა.
გლობალური კონკურენციისა და ეკონომიკური ცვლილებების გამო, სტარტაპებისთვის კიდევ უფრო გართულდა ინვესტორების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, ინვესტირება.
სიტუაციას მორგება
იქიდან გამომდინარე, რომ სტარტაპერებისთვის პანდემიამდე “არსებობა” მუდმივი გამოწვევა იყო და ისინი ყოველდღიურად იყვნენ თავიანთი პროდუქტების განახლებისა თუ ცვლილებების პროცესში, მათთვის COVID-19-ით გამოწვეულ ცვლილებებთან შეგუება არც ისეთი რთული აღმოჩნდა. 21-ე საუკუნეში გლობალური მასშტაბით სტარტაპები არიან მსოფლიო ეკონომიკის მთავარი საყრდენი და განვითარებულ ქვეყანათა უმრავლესობა მათ მხარდასაჭერად ყველა ღონეს მიმართავს.
იმის ნათელი მაგალითი, რომ პანდემია სტარტაპების აღმოცენებისთვის უამრავ შესაძლებლობებს იძლეოდა, ადგილობრივ საგრანტო პროექტებზე შესულ განაცხადთა რაოდენობები ფაქტობრივად გაათმაგდა, რადგან სრულიად უცხო გარემოში საზოგადოებას ახალი საჭიროებები წარმოეშვა, ანტერპრენერებმა კი, ამ საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრის გზების იდეებად ქცევა გადაწყვიტეს.
პანდემია ჭეშმარიტი სტარტაპისთვის უფრო მეტად გამოწვევაა, ვიდრე პრობლემა, რადგან მიმდინარე პროცესები მათ აძლევთ შანსს, კიდევ უფრო გაიზარდონ, გაზარდონ მოთხოვნა თავიანთ თავზე, განაახლონ პროდუქტები და მოარგონ ახალ რეალობას.
გლობალური მიზნები
გლობალურმა პანდემიამ უფრო მეტად გააქრო ზღვარი ქვეყნებს შორის, რადგან საზოგადოება უფრო მეტად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ნათელი გახდა, თუ რა მარტივი შეიძლება იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთთან კომუნიკაცია.
ამ პროცესებმა კი ცხადყო, რომ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებულ სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე, შექმნან და გააუმჯობესონ პროდუქტი/სერვისი იმგვარად, რომ მოარგონ მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელთა ინტერესებსა და პრობლემებს. სწორედ ამ მხრივ არის სამუშაო, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ საკმარისი ხელშეწყობა გავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია. ამას სჭირდება პროდუქტში ცვლილებების შეტანა, გარდაქმნა, დამატებითი კადრების აყვანა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან – უფრო მეტი მხარდაჭერა.
განვითარება პანდემიის პარალელურად
ამ სფეროში არსებულ აქტორთა ნაწილი წლის განმავლობაში იყო მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის მიეცემოდათ შესაძლებლობა, კვლავ თავისუფლად განეგრძოთ მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზი პანდემიამდე სიტუაციის აღდგენისა არ გაკეთებულა ამ დრომდე. შესაბამისად, მათ დაკარგეს განვითარებისა და არსებობის გაგრძელების არაერთი შესაძლებლობა, რადგან ამ დრომდე ვერ უბრუნდებიან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. პარალელურად კი, სტარტაპების უმრავლესობა მარტივად ადაპტირდა სიტუაციასთან.
შეცდომებისა და გამოწვევების გარდა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, პანდემიისა და ამდენად რთული მდგომარეობის მიუხედავად, ეკოსისტემა განაგრძობდა განვითარებას, ქვეყანაში შემოვიდა 500 Startups აქსელერატორი, არაერთმა ქართულმა სტარტაპმა მოიზიდა ინვესტიცია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის სილიკონ ველიდან, ამ წელს გამოჩნდა და უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი ინვესტიცია და აღიარება არაერთმა სტარტაპმა. ეს ყველაფერი, ალბათ, იმის დამსახურებით, რომ ამ ეკოსისტემაში მოღვაწე პირები ახალ გამოწვევებსა და დიდ პრობლემებს არ უშინდებიან და ისინი მათ გადაჭრის გზებზე ყველასგან განსხვავებულად ფიქრობენ.
არაერთმა ორგანიზაციამ მოიპოვა საერთაშორისო გრანტი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნითაც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც უფრო მეტ გრანტს გასცემენ ამ მხრივ.
იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს, ამდენად რთულ პირობებში სტარტაპებმა მაინც შეძლეს უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, მჯერა, რომ 2021 წელს, გაზრდილი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს საშუალებით, ასევე გაიზრდება ინვესტიციათა რაოდენობაც. გაიზრდება საერთაშორისო აქსელერატორებში ქართული სტარტაპების მონაწილეობის მაჩვენებელიც და თავად აქსელერაციის პროგრამებიც შემოვლენ საქართველოში (500 Startups-ის მაგალითზე).
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ქართულმა სტარტაპ ეკოსისტემამ თავი გაართვა პანდემიას და ამ პერიოდშიც განაგრძობდა განვითარებას, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით კონკრეტულ ინდივიდებსა და რაც მთავარია - თავად სტარტაპების დამფუძნებლებს.
2021 წლის დასასრულის საუკეთესო შედეგი იქნება, თუ უკვე დაფინანსებულ ადგილობრივ სტარტაპთა უმრავლესობა გავა გლობალურ ბაზარზე და შეძლებს განვითარების გაგრძელებას, ხოლო 2021 წელს შექმნილ და დაფინანსებულ სტარტაპთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ალინა როზანოვა
Touch-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
COVID-19-ს პოზიტიური გავლენა ჰქონდა სტარტაპებზე. საგანმანათლებლო ტექნოლოგიური კომპანიები აყვავდნენ, ვინაიდან სტუდენტებსა და მოსწავლეებს მოუწიათ ონლაინ სწავლებაზე გადართვა და ონლაინ სერვისების გამოყენება. მოზარდებს მოუწიათ ახალი უნარ-ჩვეების შეძენა ონლაინ სწავლის გაგრძელებისთვის.
2020 წელი იყო გაციფრულების პერიოდი, რომელსაც არც კი ველოდით. ის გამოწვევებით იყო სავსე, მაგრამ ასევე ბევრი შესაძლებლობა გააჩინა ქართულ ბაზარზე. სხვა შემთხვევაში მსგავს ცვლილებებს 2-4 წელი მაინც დასჭირდებოდა.
შესაძლებლობები
ბიზნესებს აღარ უნდა ეშინოდეთ ცვლილებების და დროა, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები – დაიწყონ მუშაობა სტარტაპებთან.
ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის შემდეგ, სტარტაპებს შეუძლიათ დაიწყონ გაფართოება სხვა ბაზრებზეც – და მოიტანონ მეტი შემოსავალი. მეტი შემოსავალი კი ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შემოდის გადასახადების თანხები.
გახდე სტარტაპის კლიენტი და მხარი დაუჭირო მათ რამდენიმე ათასი ლარის კონტრაქტით - დიდებული საქმე იქნება მათი ზრდისა და განვითარებისთვის.
რაზე ვიყოთ ორიენტირებულები?
დამფუძნებლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ბიზნესის დაწყება რთულია. ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ მოუწევთ ბევრი მუშაობა. პირველ რიგში, მათ უნდა გაიაზრონ, რომ უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.
თუ არ შეგიძლიათ ფულის გენერირება – მაშინ, თქვენი იდეა უბრალოდ არ მუშაობს. ამაში კი არავინ დაადანაშაულოთ. ჭკვიანი ინვესტორები ფულს დებენ იმ სტარტაპებში, რომლებმაც უკვე გამოიმუშავეს ფული, ან უბრალოდ წვდომა აქვთ ძალიან დიდი რესურსებთან, რაც დიდ შემოსავალს მოიტანს მალე. სხვაგვარად, ეს იქნებოდა უბრალოდ გადარიცხვა შედეგის გარეშე, უბრალოდ თანხის დადება ერთი ანგარიშიდან მეორეზე.
სტარტაპებმა უნდა შეწყვიტონ დახმარების ლოდინი და დაიწყონ მუშაობა
ლაშა გორგოშიძე
სტარტაპ STYX-ის თანადამფუძნებელი
პირველი ინვესტიციის შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში სანამ კომპანიის ექსპერიმენტების საწვავი, ანუ ფინანსური რესურსი ამოიწურებოდა, საინვესტიციო რაუნდი გამოვაცხადეთ. პანდემიის პირველი ეფექტი საკმაოდ ნეგატიური აღმოჩნდა საინვესტიციო კლიმატის კუთხით.
ვეცადეთ მაქსიმალურად სწორად წამოგვეწია წინ ჩვენი ძლიერი მხარეები ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან კომუნიკაციისას.
გლობალური პანდემია თავისთავად უფრო მიმზიდველს ხდის ინოვაციურ, ტექნოლოგიურ პროექტებს, რომლებსაც ადვილად მასშტაბირება და პროცესის გამარტივება შეუძლიათ.
მნიშვნელოვანია სტარტაპებს მუდმივად ჰქონდეთ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, რადგან ისინი სწრაფად ხდებიან აქტუალური და დროულობა ჩვენს სექტორში ნამდვილად ფასობს. შესაბამისი არხების განვითარების კუთხით ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევაა საჭირო. სახელმწიფო აქ ვერაფერს გახდება, კერძო ინიციატივებს კი ნამდვილად შეიძლება დადებითი შედეგი ჰქონდეს.
შეცდომები
საინვესტიციო რაუნდში, მოგეხსენებათ, ხშირად ერთზე მეტი ინვესტორი აკეთებს ინვესტიციას. ჩვენს შემთხვევაშიც კერძო ინვესტიციასთან ერთად თანადაფინანსების გრანტი მოვიპოვეთ, რომელსაც თავისი წესები, პირობები და ვადები მოჰყვება.
შეცდომა ალბათ საინვესტიციო რაუნდის იმგვარად დაგეგმვა იყო, რომ ჯერ ხსენებული გრანტის მისაღებად კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და შემდეგ დავიწყეთ “ანგელოზი” ინვესტორის ძებნა.
საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ სტარტაპს ექვსთვიანი ვადა აქვს საინვესტიციო რაუნდის წარმატებით დასახურად და ინვესტიციის მისაღებად. ეს დიდი პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა ერთ თვეში ვირუსის გავრცელების გამო პირველი ლოქდაუნი რომ არ გამოცხადებულიყო ამერიკაში, სადაც მოლაპარაკებები უკვე გვქონდა საინვესტიციო ჯგუფთან, რომელმაც გადაწყვეტილება კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეცვალა.
გაცილებით უფრო მოქნილები ვიქნებოდით გადაწყვეტილებებში, სხვა თანმიმდევრობით რომ გაგვეფორმებინა ხელშეკრულებები და გვეწარმოებინა მოლაპარაკებები.
მოლოდინები
2021 წელი მიღებული ინვესტიციის განკარგვის წელი იქნება, რაც საკმაოდ ბევრ გამოწვევას ერთდროულად გულისხმობს. გვსურს მომხმარებლების რაოდენობა გავზარდოთ, განვვითარდეთ და შემდეგი საინვესტიციო რაუნდისთვის მოვემზადოთ