სალომე ზურაბიშვილი
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
კომპანიები, რომელთა ბიზნეს გეგმა თუ ყოველდღიური ოპერაციები სოციალურ და გარემოსდაცვით ინოვაციურ მიდგომებს ითვალისწინებდა, უფრო მედეგი აღმოჩნდნენ პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიმართ, შეძლეს სწრაფად ადაპტირება.
— სალომე ზურაბიშვილი
ბიზნესსექტორის გამოწვევები
ბიზნეს სექტორი საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა პანდემიის დროს:
- ეკონომიკური საქმიანობის ადაპტირება საზოგადოებაში წარმოქმნილი მოთხოვნების საპასუხოდ (მაგ: პროდუქტის / სერვისების ადაპტირება, დიჯიტალიზაცია);
- ბიზნეს ოპერაციების შესაბამისობაში მოყვანა პანდემიით გამოწვეულ უსაფრთხოების ნორმებთან და რეგულაციებთან;
- თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
- კომპანიების ძირითად სამიზნე ჯგუფებში არსებული სოციალური პრობლემების გამკლავება სხვა აქტორებთან პარტნიორობით, როგორიც არის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემია;
- გარემოსდაცვით პრობლემებთან გამკლავება და ნარჩენების ეფექტური მართვა, რაც პლასტიკის გამოყენების ზრდით იყო გამოწვეული.
მიდგომები კრიზისის დროს
კრიზისის პირობებში გადარჩენისთვის კომპანიები სამ ძირითად მიდგომას იყენებენ:
- პირველი მიდგომა: უფრო ძლიერი საწარმოები, რომელთა პროდუქციაზე მოთხოვნა არსებობს, თანამშრომლებს ინარჩუნებენ, პროდუქციასაც არ ცვლიან და გამონაკლის შემთხვევებში თანამშრომელთა ხელფასის ზრდაზეც ზრუნავენ პანდემიის დროს. ზოგი, პარტნიორების უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებსაც ასაქმებს. აღნიშნული კომპანიები, თავიანთ კონტრაქტორებზეც ზრუნავენ, და გარკვეული თანხა გამოყვეს მათ მხარდასაჭერად.
- მეორე მიდგომა: კომპანიებმა განაახლეს ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციის მიდგომა. საარსებო მნიშვნელობის გახდა ონლაინ გაყიდვები.
- მესამე მიდგომა: კომპანიებმა შეცვალეს პროდუქტები და სერვისები, შესაბამისობაში მოიყვანეს ბაზრის მოთხოვნებთან და უშვებენ ახალ პროდუქციას, მაგალითად, ნიღბებს, სადეზინფექციო საშუალებებს, სუნთქვის აპარატებს თუ სხვა სამედიცინო ტექნიკას.
ინოვაციური სტარტაპების მნიშვნელობა კი კიდევ უფრო გაიზარდა.
ინოვაციური მიდგომები და სექტორებს შორის პარტნიორობა, რათა სწრაფად დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემები. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბიზნესის კეთილდღეობა და მომავალი დღეს.
— სალომე ზურაბიშვილი