ლადო აფხაზავა
ჩიბაათის საჯარო სკოლის მასწავლებელი
2020 წელი ის წელია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა და დაგვანახა. ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, მეტად რთული წელი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, სირთულეები უფრო გვაძლიერებს და ჩვენც ორმაგად ძლიერები გავხდით.
ცხოვრებამ თავად ჩაგვიტარა ცხოვრების გაკვეთილები, რომელმაც მართლაც შეგვცვალა და, ვფიქრობ, უკეთესობისკენ. ახლა უკვე უკეთესებმა უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
დაკარგული ემოციები
როცა მოსწავლე ყოველთვის ჩუმად არის, არ საუბრობს, არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, არ იბრძვის და უბრალოდ ჩუმად არის, შეიძლება ვინმეს მოსწონს, მაგრამ ძალიან ბევრ მასწავლებელს აინტერესებს რა იმალება ამ სიჩუმის უკან, ამ ახალგაზრდის გულში, რა აზრები აქვს, როგორია ის? სწორედ მაშინ მასწავლებელი სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს და გეგმავს აქტივობებს, რათა მოსწავლემ უკეთ შეისწავლოს და გაიგოს როგორი მიდგომაა საჭირო.
მე ბედნიერი ვარ მაშინ, როცა მოსწავლე თუნდაც მიყვირებს, შეურაცხყოფას მომაყენებს და ავლენს თავის სხვადასხვა შეძენილ და განმტკიცებულ რთულ ქცევასა და ხასიათს. ამ დროს მასწავლებელს საშუალება აქვს ჩაიწეროს, დაიმახსოვროს, მოინიშნოს და მალევე დაიწყოს ახალი გასაღების გამოჭედვა და მოახდინოს ცვლილებები.
როგორი ბედნიერებაა, როცა მოსწავლე ამ აქტივობების შედეგად ლანგარზე გილაგებს თავის ცუდ თვისებებს, რომელიც მას სამომავლოდ არ გამოადგება.
ცხოვრების გაკვეთილები
2020-მა წელმა სწორედ ასეთი აქტივობა ჩაგვიტარა. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სფეროს თუ დარგის სუსტი მხარეები დაგვანახა და მოგვთხოვა ცვლილებები, რომელიც უფრო მოქნილს და კონკურენტუნარიანს გვხდის.
გაკვეთილები, შეხვედრები, დებატები, თათბირები, ტრენინგები, სემინარები, ყველაფერი ონლაინ და ვფიქრობ, რომ ჩვენც შევიცვალეთ და უფრო მეტად დავაფასეთ ის დრო, რომელ დროშიც უფრო ვწუწუნებდით, ვიდრე ახლა.
ცხოვრებამ თავად ჩაგვიტარა ცხოვრების გაკვეთილები, რომელმაც მართლაც შეგვცვალა და, ვფიქრობ, უკეთესობისკენ. ახლა უკვე უკეთესებმა უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
გაგრძელება...
კი, ცხოვრება ამიტომაც არის საინტერესო, რადგან ყოველდღე შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. დავიბადეთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ და გარდავიცვალოთ. ცხოვრება ომიაო ამბობენ და ამ ომს ნამდვილად მოვიგებთ მასწავლებლები, თუ ჩვენს მოსწავლეებს ბრძოლას ვასწავლით.
2021 წელს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ....
ნათია კალაძე
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი
პანდემიამ საქართველოში საგანამანთლებო სექტორი მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა და არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის მიზეზი ორი ძირითადი რამ არის, პირველი – ტექნოლოგიური და ტექნიკური. ტექნოლოგიური პრობლემა ამ ტიპის განათლების მიწოდებაში გამოცდილების ნაკლებობა იყო, ხოლო ტექნიკურში – საქართველოს მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები.
პანდემიამდე ჩატარებული კვლევების თანახმად (გალთ&თაგართი, 2019 წელი), ქალაქების მოსახლეობის 86%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერთან – 75%–ს. ხოლო სოფლად მაცხოცვრებლების მხოლოდ 70%–ს ინტერნეტთან და 45%–ს კომპიუტერთან.
სწრაფი რეაგირების აუცილებლობა
ამ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, დისტანციურ რეჟიმზე სწავლების დაწყებისთანავე ეს მონაცემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განათლების მიღების ხელმისწვდომობაზე. ამასთან, ფაქტია, რომ არც ერთი საგანმანათლებლო სუბიექტი არ იყო მზად გამოწვევის მისაღებად და ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევდა ჩვენთვის სრულიად ახალ სასწავლო მოდელზე გადასვლა. ცხადია, ამ ცვლილებამ გარკვეული დისკომფორტი ყველას შეუქმნა, მათ შორის, ადმინისტრაციას, ლექტორებსა და სტუდენტებს. ბევრი შრომა და ძალისხმევა ჩაიდო, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად მოგვეხდინა ადაპტაცია, საგნები და სალექციო მასალები მოგვერგო დისტანციური სწავლებისთვის და მოგვეხდინა თანამშრომლებისა და სტუდენტების მომზადება განსხვავებული სწავლების მეთოდისთვის.
ვინაიდან, ბევრი სტუდენტი არ იყო ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით მზად ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის და საჭიროებდა დახმარებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, კურიერების მეშვეობით მივაწოდეთ ლეპტოპები და შევუძინეთ ინტერნეტი. რთული პერიოდი იყო ძალიან, მაგრამ შეიძლება სასიკეთოც ბევრი თვალსაზრისით, რადგან საგანმანათლებლო სივრცეში დაინერგა დისტანციური სწავლების მოდელი, საქართველოში დისტანციური სწავლების შესახებ ჩანაწერი კანონში პირველად 2016 წელს გაჩნდა და ისიც, მხოლოდ სინქრონული სწავლების მოდელს გულისხმობდა.
ეს იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს ბევრ წარმატებულ ქვეყანაში დისტანციური სწავლების გამოცდილება უკვე მრავალი წლის დანერგილი იყო და წარმატებით მიმდინარეობდა და პანდემიით გამოწვეულმა დახურვამ მათზე ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინა. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოს უნივერსიტეტის მთელი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ეს შევძელით და ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ მომავალშიც. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების წარმოდგენა, დისტანციური სწავლების ნაკლებ ეფექტიანობაზე შეიცვლება და როდესაც პანდემია დასრულდება, სწავლების ჰიბრიდული მოდელი შენარჩუნდება, განსაკუთრებით ისეთ საგნებში, რომლებიც ნაკლებ პრაქტიკულ დატვირთვას მოითხოვს.
ბრძოლა სიტუაციის გამოსწორებისთვის
იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, პანდემიური პროცესები გრძელვადიან პერპსპექტივაში საკმაოდ კარგ შედეგს მოიტანს განათლებაში ტექნოლოგიებზე ადაპტირების და ხარისხიანი დისტანციური სწავლების შეთავაზების კუთხით. დააჩქარებს მნიშვნელოვან პროცესებს და მათ შორის, ინტერნაციონალიზაციას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის. ეს შესაძლებლობა ადამიანური რესურსის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგადად, ინოვაციები და ინოვაციური მიდგომები გვაკლია განათლებაში, რისი განხორციელებაც ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია და დეცენტრალიზება განათლების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.
უნდა შეიქმნას ან განვითარდეს კიდევ უფრო მეტი ონლაინ სასწავლო პლატფორმები, რათა დისტანცია არ იყოს დაბრკოლება რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის – მიიღონ ხარისხიანი განათლება.
იმედია, საგანმანათლებლო სექტორი გააგრძელებს ხარისხიანი ციფრული განათლების განვითარებისკენ სვლას და მეტი შესაძლებლობის შეთავაზებას მოახერხებს მომავალში და ქართველი სტუდენტები შეძლებენ კონკურენტუნარიანები იყვნენ განვითარებული ქვეყნების შრომის ბაზარზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თანამედროვე სამყაროში კონკურენცია მხოლოდ განათლების პროცესში მეტი ტექნოლოგიის ჩართვითაა შესაძლებელი.
მოტივაციის ძალა
ყველამ ჩვენი წილი გამოცდილება მივიღეთ, მათ შორის, პროცესის მართვის და ადაპტაციის თვალსაზრისით. ახლა უკვე ის ეტაპია, როდესაც ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს და გლობალურ კონტექსტში ვცდილობთ საკუთარი თავის დანახვას. 2021 წელს გამოწვევები შემცირდება, მაგრამ მთავარ გამოწვევად რჩება ტექნიკური პრობლემები, რომლებიც განათლების მიმღებისთვის ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა და ვერ აღმოიფხვრა. მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი საგანმანათლებლო სექტორსაც შეაფერხებს განვითარების გზაზე, მაგრამ მჯერა, რომ მოტივაცია და სურვილი ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევს.
განათლების სფერომ განვითარება უკვე დაიწყო და რთულად წარმომიდგენია ეს პროცესი რამემ შეაჩეროს. ჩვენ შევიცვალეთ და ახლა არაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ წინ ვიაროთ.
ნატო ტორონჯაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი
პანდემიის დასაწყისში, მთავარი გამოწვევა იყო სრულიად ყველა ფაკულტეტის ონლაინ გადასვლა, ცხრილების და კლასების მოწესრიგება. აღმოჩნდა რომ ამ გამოწვევას მარტივად გავუმკლავდით, სტუდენტებიც და პროფესორებიც მარტივად ადაპტირდნენ, უკვე მესამე სემესტრია სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
მთავარი პრობლემა არის სტუდენტური ცხოვრება, განსაკუთრებით პირველკურსელები ვერ აღიქვამენ, რომ არიან უნივერსიტეტის ნაწილი. ასევე, დაქვეითდა ლექტორებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის ხარისხი.
ონლაინ რეჟიმში ვცდილობთ, რომ სტუდენტები ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობებში, თუმცა მაინც არაა იმდენად ეფექტური. რა თქმა უნდა, ფიზიკურ სივრცეში დაბრუნებისას გაცილებით დიდი რესურსი უნდა ჩაიდოს სტუდენტურ ცხოვრებაში. როგორც დროის, ისე თანხების, რათა სწრაფად მოვახდინოთ დაბალკურსელების ინტეგრირება სტუდენტურ ცხოვრებაში.
ვფიქრობ, ორმაგი მუშაობა იქნება საჭირო 2021 წელს ხარისხის გასაუმჯობესებლად, სტუდენტების ინტეგრაციისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, 2021 წლის საშემოდგომო სემესტრში დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.
2021 წელს უნივერსტეტებს ექნებათ საშუალება სტუდენტებს ეფექტურად შესთავაზონ სწავლის ჰიბრიდული მოდელი, კერძოდ ონლაინ სწავლება, უცხოელი ლექტორების ჩართულობა, საერთაშორისო ცოდნის გაზიარება და ასევე მისცენ ფიზიკური სწავლის გამოცდილება.