THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

მარიამ გუჯაბიძე

Spend 4 Seasons in Georgia-ს დამფუძნებელი

ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი იმ სექტორთაგანია, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო COVID-19-სგან, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების კუთხით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით საერთაშორისო მგზავრობა 72%-ით არის  შემცირებული,  რაც ნიშნავს მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონით ნაკლებ ტურისტს და 935 მილიარდი დოლარის ოდენობის დანაკარგს საერთაშორისო ტურიზმიდან 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

გაუქმებული ჯავშნები, რეგულაციების დასაცავად საჭირო დამატებითი ფინანსური ხარჯები, შემცირებული შემოსავლები, გადასახადების და კრედიტების გადახდასთან დაკავშირებული სირთულეები, ასობით სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანი და შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულებები, ინდუსტრიის სამომავლო ფუნქციონირების გარშემო წარმოქმნილი გაურკვევლობა, ეს არის პრობლემების ის მცირე ჩამონათვალი, რის წინაშეც ტურიზმის ინდუსტრია დადგა 2020 წელს.
— მარიამ გუჯაბიძე

სავალალო სტატისტიკა

იმისთვის რომ ნათელი იყოს, თუ რა პრობლემების წინაშე დადგნენ საქართველოში ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები, 2019 წლის საქართველოს ტურიზმის სტატისტიკას უნდა გადავავლოთ თვალი. 2019 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.268 მილიარდი დოლარი შეადგინა, ტურიზმთან დაკავშირებული სექტორების წვლილი მშპ-ში 8,1 % იყო, ხოლო ტურიზმთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 77,384 ადამიანს შეადგენდა.

 

ამ ეტაპზე არ არის გამოქვეყნებული 2020 წლის ტურიზმის სფეროს სტატისტიკური ანგარიში, თუმცა თუ მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონიდან საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტების რაოდენობას შევხედავთ თვიურ ჭრილში, ვიზიტების რაოდენობა ძირითადად 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 90%-იდან 100%-ამდე არის შემცირებული, რაც ნიშნავს ფაქტობრივად შეჩერებულ ტურისტულ საქმიანობას.

ამ მონაცემების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ 2020 წელი მსოფლიო ტურიზმის ისტორიაში, ყველაზე ცუდ პერიოდად არის მიჩნეული.
— მარიამ გუჯაბიძე

გამოსავლის ძიება

ბაზრის ბევრი მოთამაშე შეეცადა მორგებოდა შეცვლილ გარემოებებს, მოახდინეს საერთაშორისო ვიზიტორებზე მორგებული მომსახურების ადაპტაცია შიდა ტურიზმზე და შიდა ბაზრის მომხმარებლის მოთხოვნებზე, დააკმაყოფილეს ახალი რეგულაციების შესაბამისად უსაფრთხოების მოთხოვნები, არსებული გამოწვევების გამო მოუწიათ დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა და სერვისების შეძენის პროცესში ციფრული ხელსაწყოების ინტეგრირება.

მიუხედავად სექტორის მიერ გაწეული დიდი ძალისხმევისა, ცხადია, რომ შიდა ტურიზმი ვერ იქნება ჩამანაცვლებელი საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის.
— მარიამ გუჯაბიძე

ერთიანი ძალისხმევა

პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს სფეროს მაქსიმალური მხარდაჭერა, რადგანაც ფაქტობრივად გაჩერებული ტურიზმის სექტორი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს კრიზისს. აუცილებელი იქნება კერძო სექტორთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად დაინერგოს სექტორის საჭიროებებზე მორგებული საშეღავათო პოლიტიკა, რომელიც არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საგადასახადო შეღავათების შემოღებით თუ სესხის გადავადებით. მნიშვნელოვანია, რომ სექტორმა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შეძლოს ძალების აღდგენა, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფო მხრიდან, ერთი მხრივ, შიდა ტურიზმის სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, აღდგენის პროცესის დაწყებისთანავე აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება უსაფრთხო და მაღალგადახდისუნარიან ტურისტულ ბაზრებზე.

თავიდან დაწყება

სექტორს მოუწევს კვლავ შემცირებული სიმძლავრით მუშაობა, პანდემიის შემდეგ მთლიანად შეიცვლება ტურისტული ინდუსტრია და მოგზაურთა ქცევა, ბევრი მათგანი პირველ ეტაპზე მოერიდება საერთაშორისო რეგულარულ მოგზაურობას, ხოლო მოგზაურობის შემთხვევაში იქნებიან მაქსიმალურად ფრთხილად და სამოგზაუროდ აირჩევენ უსაფრთხო ქვეყნებს, ასე რომ, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის პერსპექტივა მთლიანად დამოკიდებული იქნება საქართველოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს პერიოდი კი, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული იმ პრობლემების გადასაჭრელად, რის წინაშეც ტურიზმის ინდუსტრია დგას.

2021 წელი ცალსახად რთული, თუმცა საინტერესო ახალი პერსპექტივებით, ახალი შესაძლებლობებით, ახალი იდეებითა და ენერგიით სავსე წელი უნდა იყოს ტურიზმის სექტორისთვის, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ახალი რეალობით შექმნილი მდგომარეობა და სწორედ მოვახდინოთ საქართველოს პოზიციონირება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.
— მარიამ გუჯაბიძე
Rotate the screen