ხელნაწერი შრიფტების გალერეა ჯეპრას სპეციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი საზოგადო მოღვაწეთა შრიფტების გაციფრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული დამწერლობის განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქართული კულტურის თუ მისი წარმომადგენლების შესახებ ცნობადობის გაზრდას.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედლის ინდივიდუალიზმი მასზე დატანილი წარწერების შრიფტშიც აისახება, რომელზეც კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
შრიფტი „კონსტიტუცია“ იმ შრიფტებს ეფუძვნება, რომელიც პირველი რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წლები) გამოიყენებოდა სპეციალურად სახელმწიფო დოკუმენტებისთვის, მათ შორის, 1921 წელს გამოქვეყნებული საქართველოს კონსტიტუციის სათაურიც ამ გარნიტურით არის დაწერილი, სწორედ იმ ცხრა ასოზე დაყრდნობით, რომელიც სიტყვა „კონსტიტუცია“ – ში გვხვდება აღდგა 38-ე ქართული ასოს მოხაზულობა და სრული თანამედროვე ციფრული შრიფტი დამზადდა.
საქართველოს მეფეების სერიის, პირველი საკოლექციო მედლის ვახტანგ გორგასლის შრიფტზე ტვიფრის შემოქმედებითი გუნდის წევრმა, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა ჯეპრასთან ერთად. კალიგრაფმა V-VI საუკუნეების ძეგლებზე (ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი) არსებულ წარწერებზე დაყრდნობით ვახტანგ გორგასლის ეპოქა შრიფტში გააცოცხლა.
ასომთავრული - თემესტია
ასომთავრული „თემესტიას“ მოხაზულობა ეფუძნება ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერებს. V-VI საუკუნეების ეს წარწერები გამოირჩევა სისადავითა და მონუმენტურობით, ასოთა კიდურებში ძალიან მსუბუქად სტილიზებული დაბოლოებებით. ასომთავრული დამწერლობის ამ ესთეტიკას იმეორებს მხედრული შრიფტი.
ახალი ქართული შრიფტი „უკრაინა“, უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის – „უსტავზე“ (ხელნაწერების შედევრებია „ოსტრომიროვოს სახარება“, „არხანგელის სახარება“, დაშ) დაყრდნობით შეიქმნა. თანამედროვე შრიფტის დიზაინსა და მრავალ ენაზე გაციფრულებაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.
2019 წელს ჯეპრამ დააარსა ნიკო ნიკოლაძის საგანმანათლებლო პრემია. სწორედ პრემიის ფარგლებში გადაწყდა გაციფრულებულიყო ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერი, რამაც ახალ პროექტს საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერი შრიფტების გალერეას ჩაუყარა საფუძველი. ნიკო ნიკოლაძის შრიფტი შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით. ნიკო ნიკოლაძის შრიფტის პრეზენტაცია გაიმართა 14 აპრილს, დედაენის დღეს მწერალთა სახლში.
2021 წლის 31 მარტს კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას შრიფტი შეიქმნა მისი დაბადების 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ზვიადის შრიფტს საფუძვლად დაედო რობერტ პეტრიაშვილის პირად კოლექციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებული ხელნაწერები.
ასომთავრული - ანბანდიდი
აღნიშნული შრიფტი შეიქმნა ოთხთავი/ანბანდიდი სახარების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს IX საუკუნის ძეგლს. შემორჩენილია ხელნაწერის 192 ფურცელი. ზომა: 317 მმx237 მმ. ხელნაწერი გრაფემათა განსაკუთრებული სიდიდის გამო სამეცნიერო წრეებში ცნობილია ანბანდიდი სახარების სახელით. იგი უძველეს ქართულ ხელნაწერთა სულ რამდენიმე ნიმუშს შორისაა, გამოირჩევა სისადავით, დახვეწილობით, სიძველით, ტექსტის რედაქციულობით, მატერიალური და სულიერი ღირებულებით. ხელნაწერში ჩართულია გოლგოთის ჯვარი, აქვს დეკორირებული და სინგურით შემკული საზედაო გრაფემები. საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება 1925 წლიდან.
ნუსხური - გრაგნილი
აღნიშნული შრიფტი შეიქმნა XV საუკუნის კონდაკის-იოანე ოქროპირის ჟამისწირვა-ს მიხედვით. ხელნაწერი გრაგნილზე, საერთო ზომა აღემატება 150 სმ-ს. ეტრატი. ხელნაწერს ახლავს საუცხოოდ შესრულებული საზედაო გრაფემები, გაფორმებული დეკორატიული ელემენტებით. ხელნაწერს ახლავს ნუსხური და მხედრული მინაწერები, შენდობის თხოვნით.
საქართველოს ეროვნულ არქივს ხელნაწერი სოფელ გრაკალში მცხოვრებმა ნიკოლოზ ამილახვარმა 1924 წელს გადასცა.
მხედრული
აღნიშნული შრიფტი შეიქმნა XVII საუკუნის ძეგლის მიხედვით „იაზონისა და მედეას ამბავი.“ ხელნაწერი შესრულებულია კალიგრაფიული მხედრულით. გამშვენებულია საზედაო გრაფემებით, რომელიც დეკორირებულია მითიური ცხოველებითა და ფრინველებით. ხელნაწერი 18-ფურცლიანია.
საქართველოს ეროვნულ არქივს ხელნაწერი სოფელ ოძისის მკვიდრმა შალვა ერისთავმა 1923 წელს გადასცა.
“ჯეპრამ” გამოჩენილი ქართველი ქალების შრიფტების გაციფრულება 2021 წლის დეკემბერში დააანონსა. საზოგადო მოღვაწე ქალები ხმის მიცემით შეირჩნენ. ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს ანა კალანდაძემ, ელენე ახვლედიანმა და მარო მაყაშვილმა. სამივე შრიფტი კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ანა კალანდაძის პოეზიის ჰარმონიული და ნატიფი სტილი მის ხელნაწერშიც აისახა. ანას ხელნაწერები საქართველოს ეროვნულმა არქივმა და ხელოვნების სასახლე მოგვაწოდეს.
დეკორატიული შრიფტი “საზედაო” საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა. შრიფტს საფუძვლად დაედო ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები.
შრიფტის წარდგენა 14 აპრილს, დედაენის დღეს, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.