საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების – წმო-ს ფორმირების საპილოტე პროექტს ახორციელებს. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფერმერებისა და მათი წარმომადგენლების მიერ შექმნილი გაერთიანებაა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცემა საირიგაციო სისტემის გამანაწილებელი ქსელი, რათა მან მისი ეფექტური ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს.
პროექტისთვის სპეციალურად შეირჩა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, კერძოდ, ქვემო სამგორის G16-32 გამანაწილებლების არეალი, რადგან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, უკვე განხორციელდა აქ არსებული საირიგაციო სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. საქართველოში წმო-ების ჩამოყალიბებითა და გამართული ფუნქციონირებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მართვის პრაქტიკა, რაც თითოეული ფერმერისთვის საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით წყლის მიწოდების გარანტიას ნიშნავს!