დიაგნოსტიკის შემთხვევაშიც, ექიმისთვის AI არის ცოდნის და ინფორმაციის შევსების საშუალება. ექიმმა შეიძლება ენის მოდელს ჰკითხოს, როგორია გარკვეულ სიტუაციაში სწორი სამედიცინო პროტოკოლი, მოდელის შეთავაზებული კვლევებიდან ან გზებიდან კი გადაწყვიტოს, რომელია მისი პაციენტისთვის შესაბამისი. ზოგჯერ ექიმს შეიძლება გამორჩეს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის სწორი მეთოდი ან სიმპტომებიდან ვერ დაადგინოს პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, ChatGPT არის კოლეგა, რომელსაც აქვს ბევრი ინფორმაცია და შეუძლია ექიმს სხვადასხვა ვარიანტები „შეახსენოს“. საბოლოო გადაწყვეტილება და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობა მაინც ექიმზე რჩება.
რამდენიმე თვის წინ საქართველოში ასეთი შემთხვევა იყო, როცა რამდენიმე ექიმმა ვერ შეძლო ბავშვისთვის სწორი დიაგნოზის დასმა. ChatGPT-მ კი სიმპტომების აღწერისა და დამაზუსტებელი კითხვების დასმის შემდეგ, სწორი დიაგნოზი დასვა.