აი, ტრანსფორმაცია

ბიზნესისა და ორგანიზაციების დონეზე ხშირად საუბრობენ AI ტრანსფორმაციაზე, თუმცა ბევრისთვის ეს ჯერ კიდევ აბსტრაქტული ცნებაა. რას ნიშნავს AI ტრანსფორმაცია პრაქტიკაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქართულმა კომპანიებმა, რომ ამ ტექნოლოგიით რეალური ღირებულება შექმნან?

ქართულ კერძო სექტორში AI-ის ინტეგრაციისთვის ორი გზა შეიძლება გამოიყოს: კომპანიის შიგნით AI პროდუქტების ან მონაცემთა მეცნიერების განვითარება და უკვე არსებული ქართული ან უცხოური AI პროდუქტების დანერგვა. კომპანიის შიგნით AI გუნდების შექმნა ამ ეტაპზე ძირითადად მსხვილი კომპანიებისთვისაა მიზანშეწონილი, რადგან შედარებით მცირე ან საშუალო ზომის კომპანიებს არ აქვთ კომპლექსური AI სისტემების შექმნის საჭიროება — ქართული ბაზარი ამდენად დიდი არ არის.

მეორე მხრივ, ყველა ზომის კომპანიას შეუძლია ისარგებლოს უკვე არსებული AI ხელსაწყოებითა და პროდუქტებით — მაგალითად, ქოლცენტრების ავტომატიზაციით, ჩატბოტების ინტეგრაციით, ტექსტის გახმოვანებისა და გატექსტების ალგორითმებით, რეკრუტინგის სისტემებითა და მარკეტინგული ინსტრუმენტებით.

 ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი არის მენეჯმენტის და გუნდის მომზადება – მათთვის AI-ის შესაძლებლობების, ბიზნეს ღირებულების, კონკრეტული გამოყენების ქეისების და შეზღუდვების შესახებ ცოდნის მიცემა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, კომპანიამ დაიწყოს AI ექსპერიმენტები და მისი დანერგვა.

თუ კომპანიებს კონკრეტული ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად მორგებული მიდგომა სჭირდებათ, შეუძლიათ ასოციაციას მიმართონ კონსულტაციისა და სწორი პარტნიორის მოძიებაში დახმარებისთვის.

ხშირად გვესმის, რომ AI ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ის კონკრეტულ ბიზნესპროცესებს ერგება. რა ტიპის პროცესებში ხედავთ AI -ს ყველაზე დიდ პოტენციალს ქართულ კომპანიებში?

მომხმარებელთა მხარდაჭერა და გაყიდვები, მომსახურების ხარისხის კონტროლი, ადმინისტრაციული საქმეები (მაგალითად, ფინანსური რეპორტების მომზადება, დოკუმენტების, ხელშეკრულებების შექმნა), HR – რეკრუტინგი, ონბორდინგი და შეფასება, კომპანიის შიდა ცოდნის სისტემატიზაცია.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის დანერგვა ხშირად რთულად წარმოსადგენია. რეალურად რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ეს ტექნოლოგიები და რა შეიძლება იყოს პირველი პრაქტიკული ნაბიჯი მცირე კომპანიებისთვის?

პირველი ნაბიჯი არის უფასო პროდუქტების გატესტვა და ათვისება. ამის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს და მენეჯერებს უკეთესი წარმოდგენა ექნებათ, რა მუშაობს მათთვის, სად შეიძლება გამოყენება და სად სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე ეს უფასო პროდუქტები სთავაზობენ. შემდეგ კი მათ შეუძლიათ, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები დანერგონ.

მაგალითად, თუ საშუალო ბიზნესის მენეჯერი მიხვდება, რომ ბევრი თანამშრომლის აყვანა სჭირდება ხშირად და ამაზე ბევრ დროს ხარჯავს – რეკრუტინგულ AI პროდუქტს დანერგვას. თუ მიხვდება, რომ AI დაეხმარებოდა გაყიდვების გაზრდაში, რადგან უფასო პროდუქტი კარგად წერს პასუხებს, საიტზე ჩააშენებს ჭკვიან აგენტ ბოტს. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის AI მარკეტინგის კარგი მენეჯერი შეიძლება იყოს, რომელიც კონტენტსაც ქმნის, უფრო კარგ შემთხვევაში კი – თვითონ დებს კომპანიის სოციალურ მედიაში.

და ბოლოს, როგორ ხედავთ AI-ის როლს ბიზნესში უახლოეს წლებში ,  რა მიმართულებით შეიცვლება კომპანიების მუშაობის სტილი და კონკურენცია ბაზარზე?

AI კონკურენტულ უპირატესობას ქმნის პროდუქტიულობის ზრდით. კომპანიები ნაკლებ დროში და რესურსებით შეძლებენ მეტი საქმის უკეთესად გაკეთებას. ვინც უფრო სწრაფად ისწავლის და თანამშრომლებსაც ასწავლის AI-ის გამოყენებას და იპოვის საქართველოს ბაზრისთვის ღირებულ გამოყენებებს, ის დაზოგავს ხარჯებს და გაზრდის მომგებიანობას.

მაგალითად, თუ რომელიმე სამშენებლო კომპანია შეძლებს, რომ AI დანერგოს გაყიდვების მთელ პროცესში ზარებიდან გადაფორმებამდე, ის მეტ პოტენციურ მომხმარებელს დაუკავშირდება ნაკლები ხარჯით და ნაკლებ დროში, მეტს გაყიდის და ბრენდის მიმართაც უკეთეს განწყობებს შექმნის. საბოლოოდ კი ეს სხვა სამშენებლო კონკურენტებისგან გამოარჩევს და უპირატესობას მისცემს.

ჯეპრას პროექტები