ხელნაწერი შრიფტების გალერეა ჯეპრას სპეციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი საზოგადო მოღვაწეთა შრიფტების გაციფრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული დამწერლობის განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქართული კულტურის თუ მისი წარმომადგენლების შესახებ ცნობადობის გაზრდას.

საზედაო

დეკორატიული შრიფტი “საზედაო” საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა. შრიფტს საფუძვლად დაედო ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები.

შრიფტის წარდგენა 14 აპრილს, დედაენის დღეს, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

ნიკო ნიკოლაძის ფონტი

2019 წელს ჯეპრამ დააარსა ნიკო ნიკოლაძის საგანმანათლებლო პრემია. სწორედ პრემიის ფარგლებში გადაწყდა გაციფრულებულიყო ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერი, რამაც ახალ პროექტს საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერი შრიფტების გალერეას ჩაუყარა საფუძველი. ნიკო ნიკოლაძის შრიფტი შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით. ნიკო ნიკოლაძის შრიფტის პრეზენტაცია გაიმართა 14 აპრილს, დედაენის დღეს მწერალთა სახლში.

იაკობ გოგებაშვილის შრიფტი

2020 წლის 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაციფრულდა იაკობის ხელნაწერი. იაკობ გოგებაშვილის შრიფტიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ზვიად გამსახურდიას შრიფტი

2021 წლის 31 მარტს კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას შრიფტი შეიქმნა მისი დაბადების 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ზვიადის შრიფტს საფუძვლად დაედო რობერტ პეტრიაშვილის პირად კოლექციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებული ხელნაწერები.

მერაბ კოსტავას შრიფტი

2021 წლის 26 მაისს მერაბ კოსტავას 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა მისი შრიფტი. მისი შრიფტის შექმნაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა, ხოლო ხელნაწერები საქართველოს ეროვნულმა არქივმა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მოგვაწოდა.

ასომთავრული - ანბანდიდი

ანბანდიდი

აღნიშნული შრიფტი შეიქმნა ოთხთავი/ანბანდიდი სახარების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს IX საუკუნის ძეგლს. შემორჩენილია ხელნაწერის 192 ფურცელი. ზომა: 317 მმx237 მმ. ხელნაწერი გრაფემათა განსაკუთრებული სიდიდის გამო სამეცნიერო წრეებში ცნობილია ანბანდიდი სახარების სახელით. იგი უძველეს ქართულ ხელნაწერთა სულ რამდენიმე ნიმუშს შორისაა, გამოირჩევა სისადავით, დახვეწილობით, სიძველით, ტექსტის რედაქციულობით, მატერიალური და სულიერი ღირებულებით. ხელნაწერში ჩართულია გოლგოთის ჯვარი, აქვს დეკორირებული და სინგურით შემკული საზედაო გრაფემები. საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება 1925 წლიდან.

ნუსხური - გრაგნილი

გრაგნილი

აღნიშნული შრიფტი შეიქმნა XV საუკუნის კონდაკის-იოანე ოქროპირის ჟამისწირვა-ს მიხედვით. ხელნაწერი გრაგნილზე, საერთო ზომა აღემატება 150 სმ-ს. ეტრატი. ხელნაწერს ახლავს საუცხოოდ შესრულებული საზედაო გრაფემები, გაფორმებული დეკორატიული ელემენტებით.  ხელნაწერს ახლავს ნუსხური და მხედრული მინაწერები, შენდობის თხოვნით.

საქართველოს ეროვნულ არქივს ხელნაწერი სოფელ გრაკალში მცხოვრებმა ნიკოლოზ ამილახვარმა 1924 წელს გადასცა.

მხედრული

მედეა

აღნიშნული შრიფტი შეიქმნა XVII საუკუნის ძეგლის მიხედვით „იაზონისა და მედეას ამბავი.“ ხელნაწერი შესრულებულია კალიგრაფიული მხედრულით. გამშვენებულია საზედაო გრაფემებით, რომელიც დეკორირებულია მითიური ცხოველებითა და ფრინველებით. ხელნაწერი 18-ფურცლიანია.

საქართველოს ეროვნულ არქივს ხელნაწერი სოფელ ოძისის მკვიდრმა შალვა ერისთავმა 1923 წელს გადასცა.

ანა კალანდაძის შრიფტი

“ჯეპრამ” გამოჩენილი ქართველი ქალების შრიფტების გაციფრულება 2021 წლის დეკემბერში დააანონსა. საზოგადო მოღვაწე ქალები ხმის მიცემით შეირჩნენ. ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს ანა კალანდაძემ, ელენე ახვლედიანმა და მარო მაყაშვილმა. სამივე შრიფტი კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ანა კალანდაძის პოეზიის ჰარმონიული და ნატიფი სტილი მის ხელნაწერშიც აისახა. ანას ხელნაწერები საქართველოს ეროვნულმა არქივმა და ხელოვნების სასახლე  მოგვაწოდეს.

ელენე ახვლედიანის შრიფტი

ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის ელენე ახვლედიანის ხელნაწერი წერილები ეროვნულმა არქივმა და ხელოვნების სასახლემ მოგვაწოდეს, სწორედ მათზე დაყრდნობით შეიქმნა შრიფტი.

მარო მაყაშვილის შრიფტი

მარო მაყაშვილის – საქართველოს ეროვნული გმირის, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული მოწყალების დის ხელნაწერი შრიფტი მის ხელნაწერ დღიურებზე დაყრდნობით შეიქმნა. მაროს დღიური ლიტერატურის მუზეუმმა მოგვაწოდა.