კახა მაღრაძე საკომუნიკაციო სფეროში საქართველოში 2023 წლის პროგნოზებს აკეთებს და მათთან გასამკლავებლად გამოსავალს გვთავაზობს.
კრიზისები — იზრდება დაძაბულობა და კონფლიქტები მსოფლიოში. ეს პროცესი უფრო გამწვავდება 2023 წელს, უკრაინის ომის და ახალი გლობალური გადანაწილების გამო. რთული ვითარება და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება იქნება საქართველოშიც. ეს ყველაფერი გადაინაცვლებს მათ შორის საინფორმაციო სივრცეში, ამიტომ ხშირი იქნება ოპონენტების მიზანმიმართულად ნეგატიური წარმოჩენის შემთხვევები. ამას ემატება შეცდომები და მომხმარებლის უკმაყოფილობები, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალური ქსელებით. საბოლოოდ კი მივიღებთ ხშირ პიარულ კრიზისებს და სხვადასხვა სუბიექტის რეპუტაციულ პრობლემებს.
გამოსავალი — გამოსავალია სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარება და პრევენციული აქტივობების განხორციელება. პოტენციური კრიზისების ანალიტიკა და წინასწარი „შემარბილებელი“ კომუნიკაცია იქნება ყველაზე ეფექტიანი.
პოლიტკორექტულობა — ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრების, სხვადასხვა რასის თუ ეროვნების წარმომადგენლების შესახებ, ან მათი მონაწილეობით განხორციელებული საინფორმაციო აქტივობები და კამპანიები უფრო მეტი „ყურადღების“ ქვეშ იქნება საზოგადოების მხრიდან, სადაც მნიშვნელობა მიენიჭება სტიგმებთან, სტერეოტიპებთან და სოციალურ კლიშეებთან ბრძოლას. ამ მიმართულებით ჩადენილი შეცდომები შეიძლება დამღუპველი გახდეს არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, არამედ დიდი ბრენდებისა და პოპულარული ორგანიზაციების თუ პირებისთვის.
გამოსავალი — კომუნიკაციის პროცესში ჩართული სპეციალისტები უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდნენ სხვადასხვა მიმართულების საზოგადოებრივ პროცესებს და უნდა შეეცადონ, რომ მეტად გაუგონ უმცირესობებს და მოწყვლად ჯგუფებს.
გულწრფელობა — ერთი მხრივ, გლობალურმა კატაკლიზმებმა და მეორე მხრივ, საინფორმაციო სივრცის გახსნილობამ, რაც ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება, გამოაჩინა გულწრფელი, ბუნებრივი და ახსნაზე ორიენტირებული კომუნიკაციის აუცილებლობა. მანიპულაციის, გაზვიადების და ზედმეტად პოზიტიურ ჭრილში ადამიანების თუ ბრენდების წარმოჩენის დრო წავიდა და ეს მგონი, ყველაზე რთულად მისაღებია ჩვენი ინდუსტრიისა და პროფესიონალებისთვის. განსაკუთრებული პრობლემაა ამ მხრივ ქართველი დამკვეთი და მისი მოთხოვნა „ისეთი რამის მოგონებაზე“, რაც ეგრევე შეაყვარებს ხალხს რამე პროდუქტს თუ პოლიტიკოსს.
გამოსავალი — ჩვენ მოგვიწევს კლიენტებისთვის ამ ყველაფრის კარგად ახსნა, რომ თავის მოქონვის დრო წავიდა. საკმაოდ მტკივნეული და თან საინტერესო პროცესი იწყება.
სტატია გამოქვეყნდა Marketer.ge-ზე.