ინტერვიუ მეგი თედეევთან, რომელმაც სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა!
მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ;
მარცხენა ძუძუში სიმკვრივე ვიგრძენი, მეორე დღესვე მივმართე ექიმს, ცუდი მოლოდინი არ მქონია, თუმცა ინტუიციამაც და ჯანმრთელობამაც დამაღალატა და 2021 წლის 8 ივნისს დამისვეს დიაგნოზი - მარცხენა ძუძუს ავთვისებიანი კარცინომა.
რა იგრძენით დიაგნოზის გაგებისას და როგორ მიუდექით ამ ამბავს?
დიაგნოზმა ძალიან მატკინა გული. ვიყავი უმწეო, უძლური და უსუსური, დავუშვი ყველა ცუდი ვარიანტი, რადგან მაშინ არ ვიცოდი რომ "კიბო განაჩენი არ არის". დრო დამჭირდა, რომ მიმეღო და მეღიარებინა დიაგნოზი, თუმცა სწორი მიდგომით, სანდო ექიმებით, განწყობით და მრავალი სხვა დადებითი და პოზიტიური ფაქტორით, მე ეს ომი მოვიგე.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?
პირველი მოტივაცია თვითონ სიცოცხლის სიყვარულია. ძალიან დამეხმარნენ შვილები განწყობის შენარჩუნება კი არა-გაუმჯობესებაში, ოჯახი, მეგობრები და ორგანიზაცია EUROPA DONNA GEORGIA, რომელიც ჰაერივით საჭირო იყო ჩემი ფსიქოსოციალური მდგომარეობის და ცნობიერების ამაღლებისთვის.
რას ეტყოდით იმ ადამიანს ვინც ახლა გაიგო, რომ აქვს ძუძუს სიმსივნე? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ყველაფრის ემოციურად გამკლავებისთვის?
თუკი შემიძლია რამე ვურჩიო ამ დაავადებასთან მებრძოლ ონკოპაციენტებს, ვეტყოდი მათ- იბრძოლეთ ისე, რომ გაიმარჯვოთ, გაიცანით დიაგნოზი, მართეთ, ჩაერთეთ გამოჯანმრთელების პროცესში მთელი ენერგიით და არ გაბედოთ დანებება და დაღლა, რადგან ეს არის ომი, რომლის მოგებითაც იმარჯვებს სიცოცხლე.
რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში?
სანამ დავრწმუნდებოდი, რომ კიბო განაჩენი არ არის, რთული იყო ყველაფერი, მაგრამ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის ქონა ამ ბრძოლაში გამარჯვების ტოლფასი შეიარაღებაა. სიფრთხილე და წელიწადში ერთხელ სკრინინგი გადაარჩენს მეტ სიცოცხლეს. ჯანმრთელობას გისურვებთ!