13 თებერვალს მთელს მსოფლიოში კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
 
ამ დღესთან დაკავშირებით AHF საქართველოს და ჯეპრას ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“, რითაც კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ კონდომი საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებაა აივ-ს, სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
 
შეხვედრა მედიის, კრეატიული სააგენტოების და მხარდამჭერების ჩართულობით შედგა, სადაც შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კონდომის გამოყენების მნიშვნელობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია გაუზიარეს.
 
ადგილზე ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა უფასო და ანონიმური 4 კომპონენტიანი ტესტირება ჩაეტარებინა: აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტები და სიფილისი. „ერთი ჩხვლეტა, 4 პასუხი“ სკრინინგის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობას მიაწოდოს ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სერვისები. სემინარის ყველა მონაწილეს საჩუქრად კონდომები გადაეცათ.