6 ივნისს ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის სპინალური კუნთოვანი ატროფიის მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას, რონელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმი და მედიცინის ექსპერტი, მოდერაცია გაუწია ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, თინათინ სამყურაშვილმა.
პირველი ნაწილი მიეძღვნა არსებული მდგომარეობისა და მიღწევების გაცნობას. მოხსენებები გააკეთეს ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა, მოზრდილთა ნევროლოგმა ნანა კვირკველიამ და როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორმა ნინო განუგრავამ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის პარალელურად აუცილებელია მულტიდისციპლინალური მიდგომის ხელშეწყობა და ამ მიდგომის ეფექტური ფუნქციონირებისთვის შიდა რესურსების დახვეწა, გადამზადება და გაუმჯობესება.
ჯეპრა სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიას “გამაძლიერე” 2020 წლიდან ახორციელებს. კამპანიამ 2022 წელს მიაღწია თავის მთავარ მიზანს - დღეისათვის საქართველოში მცხოვრები სპინალური კუნთოვანი ატროფიის ყველა პაციენტი იღებს შესაბამის მკურნალობას.