IDS ბორჯომი საქართველომ, როგორც დარგის ლიდერმა და ნოვატორმა კომპანიამ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბორჯომის ახალი ქარხანა აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.