#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დიზაინერთან, სოფო პეპანაშვილთან.
ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?
ბევრ ადამიანს თუ მოვლენას აქვს ხოლმე გავლენა ადამიანზე. ზოგიერთი ინსპირაციას გვაძლევს თავისი შემოქმედებით, ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ მისი თვისებებით იქონიებს ხოლმე გავლენას, ზოგჯერ რჩევით გვეხმარებიან ან სხვადასხვა სახის ფიზიკურ დახმარებას აღმოგვიჩენენ. მეც ბევრი ასეთი შემთხვევა მახსენდება მაგრამ, პირველი და მთავარი ალბათ იყო როდესაც პროფესიის არჩევისას დამეხმარნენ. სკოლის დამთავრებისას მხატვარმა თინიკო კრაწაშვილმა შემომთავაზა ხატვის გაკვეთილების ჩატარება ჩემთვის თუ ამ პროფესიის არჩევას მოვინდომებდი, რადგან იცოდა რომ ხატვა მიყვარდა. მეც მივხვდი რომ ძალიან კარგი აზრია პროფესიად საყვარელი საქმის არჩევა. ასე დავიწყე სწავლა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ გავაგრძელე სამხატვრო აკადემიაში. სხვა შემთხვევაში, სავარაუდოდ ეს სფერო ჩემთვის დამატებით საქმიანობად დარჩებოდა.
რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?
როდესაც დაბრკოლების წინაშე ვდგები სხვადასხვაგვარად ვიქცევი, გააჩნია იმას თუ რამხელაა დაბრკოლება, მაქვს თუ არა მისი მოგვარების რესურსი და რაც მთავარია მოტივაცია. ზოგჯერ საჭიროა ხოლმე საქმეს სხვა კუთხით შეხედო და მარტივი გამოსავალი მოძებნო, ზოგჯერ მეტი შრომაა საჭირო ან ვინმესთან კონსულტაცია, ან სულაც თავის დანებება, გააჩნია შემთხვევას. შემიძლია ბევრი ვიშრომო და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო მიზანზე, თუ რაიმეს მიღწევა ძალიან მინდა. ძირითადი იარაღი ალბათ მაინც ესაა ჩემთვის.
როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?
ჩემი აზრით, საუკეთესო რამ რითაც ადამიანს შეუძლია წარმატებული იყოს არის საკუთარი საქმის სიყვარული და მისი გაკეთების სურვილი, ანუ მოტივაცია. როდესაც შენი საქმე გიყვარს ყოველთვის ცდილობ ხარიასხიანად გააკეთო და კარგი შედეგი მიიღო. შეიძლება მიზანს ვერც მიაღწიო მაგრამ, ასე ნელნელა სწავლობ, გამოცდილებას იღებ და ვითარდები. ასევე აუცილებელია გქონდეს მოტივაცია, როდესაც რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა ეცდები კიდეც ამისთვის გზების გამონახვას. ხოლო თუ არ გინდა, პირიქით, ალბათ იმისთვის გამონახავ გზებს რომ არ გააკეთო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა წარმატებასაც ვერ მიაღწევ.