ამბები
ჯეპრა უერთდება და სოლიდარობას უცხადებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება.
Harvard Business Review-ის ბიბლიოთეკა 3 წიგნით შეივსო: "HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში", HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის და HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას.
პროექტის წარმდგენია თიბისი ბანკი.
უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე, ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“, „მედეა“ – შეიქმნება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით, შრიფტების დასამზადებლად ეროვნულ არქივში დაცული ძეგლები შეირჩა.
ასომთავრულს საფუძვლად დაედება IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი შეიქმნება XVII საუკუნის ძეგლის მიხედვით – „იაზონისა და მედეას ამბავი“.
„მოხარულები ვართ, რომ ხელნაწერი შრიფტების გალერეას – „ჯეპრას“ სპეციალურ პროექტს, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, სამი გამორჩეული შრიფტი შეემატება. ამით კიდევ მეტად შევუწყობთ ხელს ქართული დამწერლობის განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზებას. „იუნესკოს“ წარმომადგენლობაც ხომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ იმ ფაქტმა მოხიბლა, რომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა დღესაც ცოცხალია, დღესაც გამოიყენება სასულიერო სასწავლებლებსა თუ ღვთისმსახურებაში და სკოლიდანვე ისწავლება სამივე მათგანი“, – განაცხადა „ჯეპრას“ სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.
„საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული. ნომინაციის გამარჯვებიდან 5 წლის საიუბილეოდ, ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თვალსაჩინო მაგალითია. ქართული ხელნაწერების იმ მდიდარი კოლექციიდან, რასაც ეროვნული არქივი ინახავს, შეირჩა სხვადასხვა ეპოქისა და შინაარსის გამორჩეული კალიგრაფიით შესრულებული ნიმუშები“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.
ანბანის სამი სახეობის შრიფტების წარდგენა, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, 30 ნოემბერს გაიმართება.
„ეს შრიფტები – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებულ ძველ ხელნაწერებს ეფუძნება. „ანბანდიდი სახარების“ ასომთავრული შრიფტი IX საუკუნის სისადავეს ასახავს. ნუსხურ შრიფტში („გრაგნილი“) განვითარებული შუა საუკუნეების ხელოვნების დეკორატიულობა ჩანს. მხედრული შრიფტი („მედეა“) კი ჩემთვის განმანათლებლობის ეპოქასთან ასოცირდება. სამივე მარტივად კითხვადი და დახვეწილია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ შრიფტებით შესრულებულ ნიმუშებს უახლოეს მომავალში ბევრგან ვიხილავთ“, – განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
„ქართული ანბანის სამივე სახეობის ცოცხალი კულტურა“, „იუნესკომ“, 2016 წლის 30 ნოემბერს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. სწორედ ამ ფაქტის 5 წლის საიუბილეოდ, საზოგადოება ახალ შრიფტებს – „ანბანდიდს“, „გრაგნილსა“ და „მედეას“ გაეცნობა.
სალომე ქვრივიშვილი და ლალიტა კვიჟინაძე საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ერთობლივი პროექტის "უპრიანის" მონაწილეები არიან, სწორად აქ დაიწყო მათი ჯეპრასთან თანამშრომლობის ისტორია.
სალომე ქვრივიშვილი: "შესაძლოა ითქვას, ჯეპრასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2019 წელს საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ერთობლივი სტუდენტური პროექტით, „უპრიანით“ დაიწყო. მას შემდეგ ჯეპრას ორგანიზებულ არაერთ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა და საბოლოოდ, სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიის გუნდს შევუერთდი.
ამჟამად ჯეპრაში პროექტების ასისტენტის პოზიციას ვიკავებ და ჩემი მოვალეობებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც სააგენტოს დღის წესრიგი. თუმცა, ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც ციფრულ კომუნიკაციას უკავშირდება და მომავალშიც ამ მიმართულებით ვგეგმავ კიდევ უფრო განვითარებას.
რას ურჩევდი სტუდენტებს, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში საქმიანობას?
სასურველი მიზნის მისაღწევად, ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოჩნდე სწორ დროს სწორ გარემოში. ამიტომ სტუდენტებს ვურჩევდი, ეცადეთ, იყოთ ყველგან და ყოველთვის, როცა თქვენს სფეროში რამე საინტერესო ხდება - საჯარო ლექციებზე, ვორქშოპებზე, სტაჟირების, თუ მოხალისეობრივ პროგრამებში...
ლალიტა კვიჟინაძე: "სწორედ უნივერსიტეტისა და ჯეპრას თანამშრომლობის შედეგია, რომ დღეს ამ კომპანიის წევრი ვარ. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მათი თანამშრომლობით შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა ,,უპრიანი’’, რომლის კონტენტს მთლიანად სტუდენტები ვქმნიდით, შემდეგ კი ,,ჯეპრაში’’ სტაჟირების პერიოდში საოცარ გუნდთან ერთად, ძალიან საინტერესო აპლიკაციის ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე ვიმუშავე. შედეგად, დღეს ჯეპრას გუნდის წევრი ვარ".
რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში?
რამდენადაც მრავალმხრივია სტრატეგიული კომუნიკაციების სფერო, იმდენად მრავალმხრივია ჩემი მიზნებიც. მარკეტინგის ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს, ასევე, კომფორტულად ვგრძნობ თავს წერის პროცესში და მინდა ცოდნა გავიღრმავო ქოფირაითინგის მიმართულებით. მჯერა, რომ აწმყო ყველაზე კარგი დროა, იმისთვის, რომ ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევა დავიწყოთ.
ინტერვიუ ხათუნა ჭინჭარაშვილთან, რომელმაც სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა!
- მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ;
2018 წელს, თვითგასინჯვით, მარჯვენა სარძევე ჯირკვალში აღმოვაჩინე მცირე ზომის წარმონაქმნი. „კიბო ხომ არ არისთქო“, მახსოვს გავიფიქრე, მაგრამ უცებ დავიმშვიდე თავი - სულ ცუდზე როგორ უნდა ვიფიქრო. ექიმთან მაინც მალევე მივედი და დიაგნოზიც მეორე დღესვე ელექტრონულად მივიღე. „ინვაზიური სადინროვანი კარცინომა“. თვაიდან შევშინდი, როგორც გვჩვევია დავგუგლე და ჯერ ამ ფორმით გავიგე, რომ კიბო მქონდა.
- რა იგრძენით დიაგნოზის გაგებისას და როგორ მიუდექით ამ ყველაფერს?
პირველი განცდა იყო უარყოფის და ფლუსტრაციის. თითქოს სამყარომ, რაღაც შერჩევითობის პრინციპით, უარი გითხრა სიცოცხლეზე და არსებობაზე. თავიდან გწყინს და ნებდები, მერე ბრაზდები და ეწინააღმდეგები, შემდეგ აღიარებ და იწყებ მოქმედებას. ესეთ ემოციურ მდგომარეობაში, იმისათვის რომ იმოქმედო, უნდა გამოხვიდე საკუთარი თავიდან, გვერდიდან შეხედო მოვლენებს. ხშირად ვამბობ: „კიბო პროექტად ვაქციეთქო“ და ასე გავხდი ამ პროექტის მენეჯერი. მოვიძიე, შევისწავლე, კომპლექსურად მივუდექი და მივიყვანე დასასრულამდე.
- რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?
ყველაზე დიდ მოტივაციას იმ ადამიანების მოსმენა მაძლევდა, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი ჰქონდა. უამრავ მათგანს მოვუსმინე. ზოგს ვეთანხმებოდი, ზოგს არა. მათგან მომქონდა ის, რაც გამაძლიერებდა და გადარჩენის იმედს გამიღვივებდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი: „ამათ შეძლეს, შევძლებ მეც.“
- რას ეტყოდით იმ ადამიანს ვინც ახლა გაიგო, რომ აქვს ძუძუს სიმსივნე? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ყველაფრის ემოციურად გამკლავებისთვის?
ვურჩევდი, კიბოს შეხედონ მხოლოდ როგორც ჯანმრთელობის პრობლემას. შემოაცალონ ის სტიგმები, ფობიები, დრომოჭმული და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, როგორც თვითონ დაავადებას, ასევე მისი მკურნალობის გზებსაც. მოიძიონ ახალი სტატისტიკები და მართლაც დარწმუნდნენ, რომ დიდი ნაბიჯებით არის წინ წასული ონკოლოგია და უკვე შესაძლებელია როგორც ხანგრძლივი რემისიის, ასევე სრულად განკურნების მიღწევაც კი და რომ თანამედროვე ქიმიოთერაპიები დამზოგველია და რომ უკვე არსებობს „ჭკვიანი წამლებიც“, რომლებიც ზიანის მოყენების გარეშეც გვკურნავს.
ვურჩევდი, ჯერ ყურადღებით შეარჩიონ მკურნალი ექიმი და შემდეგ მიენდონ და გულისყურით შეასრულონ ექიმის რეკომენდაციები.
ვურჩევდი, დაგვიმეგობრდნენ ჩვენ, მათ ვინც უკვე გავიარეთ ეს გზა და მზად ვართ ხელჩაკიდებულები გავყვეთ მკურნალობის პროცესში. „წინა კაცის“ გამოცდილება ბევრად უფრო ნათელს ხდის გზას და ასუსტებს იმ შიშს, რაც ჩვენთვის უცხოს ახლავს თან.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში?
ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლება ამსუბუქებს როგორც ონკოპაციენტის და მათი ოჯახის წევრების, ახლობლების მდგომარეობას, ასევე იმ ადამიანბის მდგომარეობასაც, ვისაც შეხება არც კი ჰქონია ონკოლოგიასთან. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ონკოპაციენტის მიმართ სწორ და ჯანსაღ უკუკავშირთან და მეორე შემთხვევაში კი - ჯანმრთელი ადამიანები თავისუფლდებიან ონკოლოგიური დაავადებების შიშისგან, რაც შესაძლოა გაუცნობიერებლადაც კი აწუხებდეთ. პრევენცია, დროული სკრინინგი - დაავადების შემთხვევაში ძუძუს კიბოსგან განკურნების 100%-იანი შესაძლებლობა, ხოლო დაავადების არარსებობის დროს კი ფსიქოლოგიური სიმშვიდის მოპოვების შესაძლებლობაა.