#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას პროექტების ასისტენთან, მანჩო ონიაშვილთან.
ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?
ზოგადად, წლების განმავლობაში ძალიან ბევრმა რამემ იქონია ჩემზე გავლენა და დღევანდელი მე, წარსულის მანჩოსგან საკმაოდ განსხვავებულია. შემეცვალა შეხედულებები ბევრ საკითხზე და ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი, თუმცა ის ფუნდამენტური მახასიათებლები, რაც ჩემი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია არ შეცვლილა, მათ ჩამოყალიბებაზე კი გავლენა ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა იქონიეს.
რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?
ვცდილობ ცივი გონებით მივუდგე, არ ავღელდე და პანიკას არ ავყვე. პირველ რიგში, ვეძებ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და თუ მათზე გავლენას ვეღარ მოვახდენ, ვიწყებ უკვე არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე ფიქრს. ჯერ ვცდილობ ჩემი ძალებით მოვაგვარო ყველაფერი და თუ გამიჭირდა, შემდეგ მივმართავ კომპეტენტურ პირებს. ჯობია არ დავაიგნოროთ პრობლემა და დრო არ გავწელოთ, რომ მდგომარეობა უკიდურესად არ გაუარესდეს. ვფიქრობ, აუცილებელია, შეგვეძლოს სხვისთვის დახმარების თხოვნა, როცა საჭიროა და არ ვფიქრობდეთ, რომ ეს "ტეხავს".
როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?
ჩემი აზრით, ნებისმიერ საქმეში წარმატებული იქნები, თუ გაქვს საკუთარ თავზე მუშაობის უნარი და მუდმივად ცდილობ გაიზარდო, უკეთ აკეთო შენი საქმე და ისწავლო კიდევ უფრო მეტი. ძალიან ადვილია ყოველდღიურ აქტივობებში ჩაძირვა და ფოკუსის დაკარგვა, რაც ხელს გვიშლის განვითარებასა და წინსვლაში. ამიტომ პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, რისი მიღწევა გვსურს, რა საქმიანობა მოგვანიჭებს ბედნიერებას და არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ მოვალეობა. შემდეგ დავისახოთ შესაბამისი მიზნები (გრძელვადიანი, მოკლევადიანი) და ვეცადოთ ყოველდღიურად გადავდგათ ამ მიზნებისკენ თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯი.





